დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს საქართველოში დასავლეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითადაა შეფასებული.
პუბლიკაციის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, ამისთვის კი ოპოზიციის დაფინანსებას, სანქციებსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას იყენებს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზანია, საქართველო რუსეთთან დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.
სტატიაში, სათაურით „დასავლეთის ჩარევა საქართველოში: ზეწოლა, „ფერადი“ ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გათვლა“, ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ შეასრულებინა დასავლეთის მითითებები, მათ შორის გაეხსნა “მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ.
სტატიაში დადებითადაა შეფასებული “საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პრაგმატული, მრავალვექტორული პოლიტიკა”, რომელიც, ავტორის შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და მისი ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას ემსახურება.
პუბლიკაციაში ასევე გამეორებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები დასავლური ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, საქართველოში საპროტესტო აქციების დაფინანსების შესახებ.
სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და კახა კალაძის განცხადებებიც.
