ახალი ამბები

PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს

14 ოქტომბერი, 2022 • 934
PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

რეზოლუციას, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი 99-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესია ცალსახად დაგმობილი უნდა იყოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.

ამავე რეზოლუციაში რუსეთს მოუწოდებენ თავისი ძალების გაყვანას საქართველოდან და მოლდოვიდანაც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მას ძლიერი რეზოლუცია უწოდა.

კულებას თქმით, PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წევრი ქვეყნების პარლამენტებს გზას უხსნის იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზეც მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი