ახალი ამბები

ხარჩილავა მანქანის დაწვაზე: “ეს გზავნილია”

12 ოქტომბერი, 2022 • 703
ხარჩილავა მანქანის დაწვაზე: “ეს გზავნილია”

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისი მანქანის დაწვა, შესაძლოა იყოს პოლიტიკური გზავნილი.

ხარჩილავა ამბობს, რომ დამწვარ მანქანასთან მისხმული იყო სითხე, რაც ამყარებს ეჭვს, რომ განზრახ დაწვეს.

„მე მაქვს უფლება ვფიქრობდე, რომ ამაში ადამიანი არის დამნაშავე. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მანქანა 100%-ით იყო გამართული და ჩემი დასკვნები იხრება იქითკენ, რომ ადამიანმა გამოიწვია ხანძარი. თუ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მსჯელობას, მაშინ რას უნდა უკავშირდებოდეს ეს? – და ეს უკავშირდება იმას, რომ წალენჯიხის მერია არის ერთადერთი ოპოზიციური მერია, რომელიც ატარებს მკაფიოდ განსაზღვრულ რეფორმებს, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მხილების პოლიტიკას და არცერთი წამით არ ეშვება საერთო ქართულ ღირებულებებს“, – ამბობს ხარჩილავა „მთავარ არხთან“.

მისივე თქმით, ის, რომ წალენჯიხის მერი და მერია “მუჭში ვერ მოიქციეს“, შესაძლოა ვიღაცებისთვის გამაღიზიანებელი იყოს.“

„ეს სურათი მიქმნის იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ არის გზავნილი. ნუ გაგიკვირდებათ, ჩვენ რუსეთმა ღობე შემოგვავლო, ხელწერები შემოვიდა, ჰიბრიდული ომი და მეთოდები შემოვიდა და ჩვეული თემები რუსეთისთვის, ჩვენთვისაც შეიძლება ყოველდღიური გახდეს. ეს საგანგაშოა,“ – აცხადებს იგი და ამატებს, რომ მიუხედავად მომხდარისა, მერია არ გადაუხვევს გზას და ბოლომდე მიაღწევს დასახულ მიზნებს.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავასა და მისი გუნდის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ხარჩილავას მანქანა დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვრცლად:

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი