ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეომასალას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს.
„გუშინ გვიან ღამე, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, ისროლეს საწვავით სავსე რაღაც… ზუსტად არ ვიცი, და მანქანა არის მთლიანად დამწვარი. იქვე არის დამწვარი წიგნები, რომელიც გუშინ შაღამისას ჩამოიტანა“, — ამბობს თამარ ბელქანია და დასძენს, რომ მომხდართან ახლოს გაზგაყვანილობის მილებია.
მისი თქმით, მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციის შენობაში.
„მე სიტყვები არ მაქვს, გითხრათ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს – ნამდვილად არა“, – აცხადებს ბელქანია.
ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.