ახალი ამბები

უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად „კორუფციონერი“ გენერალი სუროვიკინი დანიშნეს

8 ოქტომბერი, 2022 •
უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად „კორუფციონერი“ გენერალი სუროვიკინი დანიშნეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაში“ ჩართული ძალების ახალ მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კონაშეკოვი ადასტურებს.

სუროვიკინი დაინიშნა იმ დღეს, როდესაც რუსეთისთვის სიმბოლური მნიშვნელობის ყირიმის ხიდზე დიდი აფეთქება მოხდა, რის უკანაც, სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვა დგას.

სუროვიკინი 2017 წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში, სადაც მას ადანაშაულებდნენ უკანონო ტაქტიკის გამოყენებაში.

წარსულში ის ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო ძალებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი იგი „სამხრეთის ძალების“ ხელმძღვანელი იყო.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, „გარდიანის“ ცნობით, იუწყებოდა, რომ „ბოლო 30 წლის განმავლობაში, სუროვიკინის კარიერა გაჯერებულია კორუფციისა და სისასტიკის შესახებ ბრალდებებით“.

გრიგორი იუდინი, რუსი პოლიტიკის მეცნიერი და სოციოლოგი წერს: „ძალიან სიმბოლურია, რომ სერგეი სუროვიკინი, ერთადერთი ოფიცერი, რომელმაც ბრძანა, ესროლათ გადატრიალების მონაწილეებისთვის 1991 წლის აგვისტოში და სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახლა მონაწილეობს საბჭოთა კავშირის აღდგენის უკანასკნელ მცდელობაში“.

მის დანიშვნას გამოეხმაურა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც განაცხადა, რომ „სუროვიკინი ყველაზე საქმიანი სამხედრო მეთაურია რუსეთის არმიაში“.

„გარდიანი“ წერს, რომ სუროვიკინის დანიშვნით კრემლი ცდილობს, უპასუხოს კრიტიკას, რასაც ნაციონალისტური ელემენტების მხრიდან აწყდება უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი