ახალი ამბები

„რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?!“ — უმრავლესობის დეპუტატები ლომჯარიას

7 ოქტომბერი, 2022 • 1119
„რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?!“ — უმრავლესობის დეპუტატები ლომჯარიას

დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, რომელიც შეეხება 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ომბუდსმენის მოსმენისას უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გახდა, რომლითაც მან 2020 წელს მიღებული კანონი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ქვეყანაში თანასწორობის უფლებას არღვევს და სწორედ ამიტომ, მისი გაუქმება მოითხოვა.

დღევანდელ სხდომაზე კი სახალხო დამცველის სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

სწორედ ამ კონტექსტში დასვეს კითხვა როგორც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა, ისე „ოცნებიდან“ წასულმა, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენილმა გურამ მაჭარაშვილმაც.

„ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს ჰკითხა, „რას ერჩის“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით. თქვენ ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?!

29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბუნებრივია, გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო „ეკლესიის წინააღმდეგ“ . აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია.

გასაგებია, თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა- პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები.

გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში, მაშინ როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული“,- განაცხადა ოდიშარიამ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმაც კითხვა სწორედ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით დასვა და იკითხა, რა მიზანი ჰქონდა, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციიის გარდა.

„არ მგონია, რომ თქვენ და თქვენს უწყებას არ სცოდნოდა საქართველოს მინიმალური ისტორია, რომ ეკლესია-მონასტრები სწორედ საპატრიარქოს და მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია და ამ კანონში სწორედ ეს ეწერა – ისტორიულად სადაც იყო ეს ნაგებობები, სწორედ ეს იყო სატყეო მიწები.

ამაზე იყო საუბარი და მაშინ რა იყო მიზანი? ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია მომხდარიყო, რომ საპატრიარქოს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე სხვა კონფესიებს, როცა აქ ითქვა, რომ ერთი პრაქტიკული მაგალითიც ვერ იყო პროცესზე მოცემული, რომლის გამოც ეს საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა.

თუ ეს სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ, მაშინ რა იყო მიზეზი, გარდა იმისა, რომ მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია?“, – იკითხა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა კი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა, „გულწრფელად“ ეპასუხა, თანამდებობაზე ყოფნისას უფიქრია თუ არა კონკორდატის გაუქმებაზე.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში, სანამ თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმების შესახებ შეგეტანათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში? რა ბედენა არის ახლა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან. ხომ არ გიფიქრიათ, რომ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება, რომელიც მრავალი წლის უკან დაიდო სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის”, —  ჰკითხა ცაგარეიშვილმა ლომჯარიას.

ცაგარიეშვილმა ლომჯარიას ასევე სთხოვა, თავისი მოსაზრება გამოეთქვა ეკლესიის როლზე „სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი