ახალი ამბებირეკლამა

გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მეცნიერები ეწვივნენ

5 ოქტომბერი, 2022 • 720
გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მეცნიერები ეწვივნენ

გელათის აკადემიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,  მნიშვნელობისა და ევროპულ სივრცეში მისი წარმოჩენის გზები განიხილეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის და გელათის აკადემიის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფის წევრებმა ქუთაისში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, სადაც საბჭოს წევრებმა მიმდინარე სამუშაო პროცესებზე, მომავალ სამუშაო გეგმებსა და მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს. 

ღონისძიებას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები – თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კონდოროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელძღვანელი, თსუ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფრანგიშვილი, თსუ პროფესორი ლევან გიგინეიშვილი და გელათის აკადემიის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ღონისძიება არის დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გელათის ისტორიულ, კულტურულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას ეძღვნება. „ევროპის აკადემიის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესო ღონისძიება ტარდება, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს. ერთი,  არის ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომა და მეორე – ლევან გიგინეიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის ლექციები გელათის აკადემიის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ,“ – აღნიშნა თსუ რექტორმა.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და გელათის აკადემიის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფის წევრებმა  გელათის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს. 

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის დავით ფრანგიშვილის თქმით, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით საქართველოს ევროპული კურსის განსაზღვრა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. „კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქვეყანა ევროპულად ითვლება თუ ის არის ქრისტიანული ქვეყანა და განვითარების უწყვეტი ხაზი აქვს ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან. ეს გზა საქართველოს მთლიანად გავლილი აქვს, გელათი კი ამ გზის სიმბოლოა. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, გელათის აკადემიის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის წარმოჩენა ევროპულ სივრცეში,“ – განაცხადა დავით ფრანგიშვილმა.

ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ ევროპულ სივრცეში გელათის აკადემიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ლექციები წაიკითხეს.

„ლექციის ძირითადი თემა შეეხებოდა გელათის ადგილს მსოფლიო ქრისტიანულ სააზროვნო ტრადიციაში, ვითარებას ბიზანტიაში, ევროპაში, იქაურ თავისებურებებს. ასევე ვისაუბრე ფილოსოფიური და ბიბლიური ტრადიციის პეტრიწისეული  გაერთიანების მცდელობაზე, რაც ძალიან საინტერესო და თამამი პროექტი იყო იმ დროს და ამ ტრადიციას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა,“ – აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა მასშტაბური პროექტის „გელათის აკადემია – მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ განხორციელება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანია გააცნოს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გელათის აკადემია, როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი.

ევროპის აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის სირდ ქლოეთინგის თქმით, სამეცნიერო თვალსაზრისით, საქართველო და, მითუმეტეს გელათი, ძალიან საინტერესო ადგილია. „გელათი სამეცნიერო თვალსაზრისით შესანიშნავი ადგილია. აქვე აღვნიშნავ, რომ მოხარული ვარ, რომ საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ორგანიზაციის სრული წევრი გახდა, რაც ქართველ მეცნიერებს ევროპულ ქსელში მონაწილეობის და ევროპული კომისიის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს,“ – განაცხადა სირდ ქლოეთინგმა.  

„გელათის აკადემიას და ზოგადად, საქართველოს შესანიშნავი კულტურულ-ისტორიული წარსული აქვს, რაც არამხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის იქნება საინტერესო. შესაბამისად, რა შეიძლება გაკეთდეს ევროპულ მეცნიერებასთან დასაახლოებლად, ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი საკითხია,“ – აღნიშნა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ევა კონდოროსმა.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი (AE Tbilisi Knowledge Hub)  დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაციის – ევროპის აკადემიის (Academia Europaea) განყოფილებას წარმოადგენს სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებში. ცენტრი ევროპის აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მხარდაჭერით, დაფუძნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი