ახალი ამბები

„ოცნებამ“ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

3 ოქტომბერი, 2022 • 1212
„ოცნებამ“ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

დღეს, 3 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორც სტრატეგიის წარდგენისას  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ფართო ჩართულობითაა შემუშავებული და მომზადდა როგორც პროფესიული საზოგადოების, ასევე სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. მისივე თქმით, მათ დამატებითი წინადადებები  მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან

თუმცა, როგორც გაირკვა, „ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები არ გაიზიარა.

„სხვადასხვა ფორმატში დღემდე გაჟღერებული ისეთი შემოთავაზებები, განსაკუთრებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორიც არის, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა — ე.წ. ორმაგი ორი მესამედი და სასამართლოს  თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა.

ეს ყველაფერი არის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არ ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საბოლოოდ მართლმსაჯულების შეფერხებას და სასამართლოში მისთვის შეუფერებელი პოლიტიკური პროცესების გაღვივებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის ცვლილებების მიღება არ იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის არსებულ ინსტიტუციურ გამოწვევებად კი „ოცნების“ მიერ დასახელებულია:

1. მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.

2. სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით.

3. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება.

5. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება.

6. მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება.

7. საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება.

8. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება.

9. სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება.

10. მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა.

11. შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა.

12. თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი.

13. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.

14. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება.

15. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც; კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, მიზანშეწონილია სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს.


სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში შეიქმნა. მასში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და სახალხო დამცველის აპარატი იყო ჩართული.

სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრებს გამოეთიშნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრისა (SJC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ვინაიდან „ოცნებამ“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში, მონაწილეობის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“(ISFED) არ მისცა.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით განხილული არცერთი საკითხი არ გაითვალისწინა.

პარლამენტს სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციები წარუდგინა აშშ-ის საელჩომაც, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნების საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების 2/3-ის ხმების საფუძველზე უნდა ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი