ახალი ამბები

სამუშაო ჯგუფში იუსტიციის საბჭოზე არცერთი განხილული საკითხი არ გაითვალისწინეს – გიორგი ბურჯანაძე

19 სექტემბერი, 2022 • 693
სამუშაო ჯგუფში იუსტიციის საბჭოზე არცერთი განხილული საკითხი არ გაითვალისწინეს – გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით განხილული არცერთი საკითხი არ გაითვალისწინა. საუბარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შეიქმნა.

ბურჯანაძის თქმით, დღეს 19 სექტემბერს, გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსახილველი საკითხი უმაღლესი საბჭოს რეფორმა იყო.

“1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც დღესაა. ზოგან მხოლოდ მოსამართლეების ხმები იქნება საჭირო. არაფერი იცვლება ამ მიმართულებით;

2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება.

აშშ-ის საელჩოს არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული. მოვისმინეთ ვენეციის კომისიის მოსაზრებების სხვადასხვა “ინტერპრეტაციები”.

ჩვენ პოზიციებთან მიმართებით შევთავაზეთ პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის მიმართვა, რათა მათ შეეფასებინათ, ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას ჩვენი ვერსია (ამ არგუმენტს გვიყენებდნენ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების თაობაზე). პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და ვენეციის კომისიას ვერ ვკითხავთ ყველაფერზე აზრსო”, – აცხადებს ბურჯანაძე.

ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი წინაპირობებიდან ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი სწორედ სასამართლო და მის შიგნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის თქმით კი, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები და სახალხო დამცველი ისეთი ტიპის ცვლილებებს სთავაზობენ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე ანალოგი არ აქვს, შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და არც ვენეციის კომისიის და სხვა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერაა მოწონებული. მის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს:

“ჩვენ არ გვჭირდება არც ჩამორჩენილი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და არც ისეთი მცდელობების დრო არ გვაქვს, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ, გაამართლებს თუ არა კონკრეტული საკითხი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ გვთავაზობენ მოდელს, რომ სამი ადამიანის ხმამ გადაწონოს თორმეტი ადამიანის ხმა.

როგორ შეიძლება სამი ადამიანის ხმა იყოს უპირატესი 12 ადამიანის ხმაზე? რამდენად შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკის შეტანა, როდესაც პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ექნებათ კონკრეტული გადაწყვეტილებების, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით ბლოკირების შესაძლებლობა?”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

თუმცა, ოხანაშვილის თქმით, წინააღმდეგობრივი პოზიციების მიუხედავად, მათი ამოცანაა თითოეულ საკითხზე დეტალური მსჯელობა და სივრცის დატოვება პოზიციების შესაძლო დაახლოებისთვის.

დღეს პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრისა (SJC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის დაწყებამდე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურო იმნაძემ განაცხადა, რომ შეხვედრას არ დაესწრებოდნენ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში, მონაწილეობის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“(ISFED) არ მისცა.

იმნაძის თქმით, არ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს“, რომელი ორგანიზაციის ხმა გახმიანდება სამუშაო ჯგუფში და რომლის – არა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი