ახალი ამბებიეკონომიკა

ღარიბაშვილი ეკონომიკურ კრიზისზე ევროპაში და ორნიშნა ზრდაზე საქართველოში

30 სექტემბერი, 2022 • 2922
ღარიბაშვილი ეკონომიკურ კრიზისზე ევროპაში და ორნიშნა ზრდაზე საქართველოში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფოს საზრუნავი ახლა არა ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშოების შექმნა, არამედ იმაზე ფიქრია, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ღარიბაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვრცელი ანგარიში საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის მშპ-ის ორნიშნა ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შესახებ:

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, ევროპის კონტინენტზე საშინელი, დამანგრეველი ომი მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთის აგრესია და ომი არ ჩერდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25 პროცენტს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი ახლა გაეროს ფარგლებში ჩვენს ბევრ ევროპელ კოლეგასთან.

მათი მოლოდინი არის ძალიან პესიმისტური. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა შემცირდება მნიშვნელოვნად და ამას ემატება ის კრიზისები, რაც მე ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი ბევრი ევროპული სახელმწიფოს მთავრობის. იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოში კერძო სექტორმა დამატებით 60 000 სამუშაო ადგილი შექმნა, სახელმწიფომ კი, 20 000. საუბარია მთავრობის პროგრამაზე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას სთავაზობს:

„ევროპაც ამბობს რუსულ გაზზე უარს და რუსეთმაც შეუწყვიტა ევროპას გაზი – ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობაა. გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს? ამას სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ არა მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით,  მთავრობის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად “უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მისცა.

“მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ წელს ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ. ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, 64,8 მილიარდი ლარი. გახსოვთ, რომ ასევე მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა. თამამად და ამაყად ვიტყოდი, რომ წელს ჩვენ მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ევროპაში და მსოფლიოში ხდება, რეცესიაა და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა იცოდეს კარგად, თუ რა ვითარებაა, როგორი კონტრასტული ვითარებაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენ ევროპაში და კონტინენტზე. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მიერ, აგვისტოში გვქონდა 10,5%, რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. 8 თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს. ეს არის შედარებით კონსერვატიული პროგნოზი. ჩვენ ვფიქრობთ, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, “მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40%- მდე ჩამოვწიეთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი