ახალი ამბები

საზ. მაუწყებლის შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა — რისი აშენება იგეგმება ადგილზე

30 სექტემბერი, 2022 • 1898
საზ. მაუწყებლის შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა — რისი აშენება იგეგმება ადგილზე

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა. ინფორმაციას, “ვისოლის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის კომენტართან ერთად, “პირველი არხის” გადაცემა “ბიზნესპარტნიორი” ავრცელებს.

ფხაკაძის თქმით, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ.

“ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი, საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და, შესაბამისად, განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე”, — აღნიშნავს ის.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65.1 მილიონ ლარად გაიყიდა. ელექტრონული აუქციონი 30 სექტემბერს დასრულდა და “ბიზნესპარტნიორის” თანახმად, მასში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა.

კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. ქონების საწყისი ღირებულება ₾65 მლნ-ს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა.

დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება, 76.7 მლნ ლარი, მყიდველმა გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს:

  • 45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში;
  • 20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა;
  • 20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

თავდაპირველად ტელეკომპანია კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გაყიდვას 40 მლნ აშშ დოლარად ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა, მაუწყებელმა ქონება რამდენჯერმე გააიაფა:

  • პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით 2020 წლის 16 ივნისს 1-თვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა;
  • უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32.4 მლნ დოლარად მესამედ იქნა გამოტანილი აუქციონზე;
  • შემდეგ კი 24 მლნ დოლარად გაიტანეს შენობა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.
მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში უნდა განთავსდეს. მშენებლობა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, “პირველი არხის” თანახმად,  2023 წლის დეკემბერში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი