ახალი ამბები

სააკაშვილი ლუკაშენკოს: ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება

29 სექტემბერი, 2022 • 2117
სააკაშვილი ლუკაშენკოს: ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ალექსანდრე ლუკაშენკოს სოხუმში მის „ვიზიტთან“ დაკავშირებით და ამბობს, რომ მას კიდევ აქვს შანსი, სიტუაციიდან გამოვიდეს.

„ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, ამ სიტუაციიდან გამოხვიდე. თუკი აღიარებ აფხაზეთს და, განსაკუთრებით, თუკი შენი ტერიტორიიდან ადგილი ექნება უკრაინაში მორიგი შეჭრის მცდელობას, შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრული იქნება“, – სწერს სააკაშვილი ლუკაშენკოს.

„მინახავს ნიკოლაშკას [ლუკაშენკოს შვილის] ფოტოები, ძალიან სიმპათიური ბიჭია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება“, – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. 2 დღით ადრე იგი მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი