ახალი ამბები

არაგულწრფელია, რომ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პარტიებზე – ბოკერია კეზერაშვილზე

29 სექტემბერი, 2022 • 819
არაგულწრფელია, რომ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პარტიებზე – ბოკერია კეზერაშვილზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არაგულწრფელია დავით კეზერაშვილის განცხადება, რომ მისი პოზიცია არ ახდენს გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პოლიტიკური პარტიების საქციელზე.

მისი თქმით, ასე რომ არ იყოს, ეს ალოგიკურიც იქნებოდა.

ასე გამოეხმაურა ბოკერია კეზერაშვილის დღევანდელ, 29 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

კეზერაშვილის თქმით, პარტიული პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს იტყვის „ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე“.

გიგა ბოკერიას შეფასებით, კეზერაშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ივანიშვილის მიმართ მის მოტივაციაზე საუბრობს, გულწრფელია.

„ჩემი აზრით სჯობდა, რომ ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო, რომ მას აქვს ამოცანა ივანიშვილთან ბრძოლის და რაც სწორად მიაჩნია ამ ბრძოლისთვის, იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც მერე გავლენას ახდენს.

ჩემი აზრით, ეს უფრო გუწრფელი ნათქვამია, ვიდრე პოზა, რომ ყველაფერზე მაღლა დგახარ. თავისთავად საკითხის დაყენება, რომ თურმე ეს კამათი, რომელიც პოლიტიკური პარტიების შიგნით ხდება რაღაც საკითხებზე ან პარტიებს შორის, არის რაღაც კინკლაობა და ჩვენ ამაზე უნდა ავმაღლდეთ, ხშირად არის ან არაგულწრფელი, ან ზედაპირული.

იმიტომ, რომ კამათის საგანი ისიც არის, თუ რა გზა არის სწორი ამ ქვეყნისთვის ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ყველა ადამიანი, ვისაც მოტივაცია აქვს ივანიშვილის დამარცხებაში, თავისი გადაწყვეტილებებით პირდაპირ ახდენს გავლენას ძალიან ხშირად იმაზე, როგორ მოიქცევიან ესა თუ ის პოლიტიკური ძალები“, – აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერიას თქმით, დღეს საქართველოში კეზერაშვილის რესურსების მქონე ფიგურის პოზიცია პოლიტიკურ ძალებზე გავლენას ავტომატურად ახდენს.

„ამიტომ არის არასწორი და არაგულწრფელი ამ პოზის დაკავება, რომ ყველაფერზე მაღლა დგას. რა თქმა უნდა, ასეთი ფიგურის პოზიცია, მისი რესურსებით, ყველა თვალსაზრისით ახდენს გავლენას ამაზე. არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ამ რესურსების გამო იცვლიან მის პოზიციას, მზად არიან, რომ გუშინ რასაც აკეთებდნენ, იმის საპირისპირო გააკეთონ და არიან ადამიანები, ვინც იქცევიან წესიერად, ეგ განსხვავებაც არის.

ჩემი გამოცდილებითაც და ლოგიკითაც, ის ნაწილი არის გულწრფელი, სადაც მის მოტივაციაზე საუბრობს ივანიშვილის მიმართ და ის ნაწილი, რომ ამ მოტივაციაში, ამ ბრძოლისას მის პოზიციას არ მოუხდენია ან არ მოახდენს გავლენას იმათზე, ვინც მზად არის, რომ შეიცვალოს პოზიცია ამ ფაქტორების გავლენით, არ არის გულწრფელი“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, კეზერაშვილს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, უფლება აქვს, პოლიტიკაში იყოს, ოღონდ ეს ღიად უნდა გააკეთოს.

„სჯობდა პირდაპირ ეთქვა, რომ მე სწორად რაც მიმაჩნია, იმ პოზიციას ვახორციელებ და მინდა ამის მიღწევა. ჩვენთან ხშირად არის ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და მეორემ დააბრალა რაღაცა. ამიტომ ვამატებ ამას, რომ ლოგიკურიც და ლეგიტიმურიცაა. მას უფლება აქვს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკაშიც იყოს, ოღონდ ღიად. ღიად სჯობს ეს ყველაფერი ხდებოდეს, ვიდრე ამ პოზით, რომ ყველაფერზე მაღლა დგას. მე მგონია, რომ მის პოზიციას, რომ ზოგადად უნდა მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შემოკრება, ჰქონდა როლი.

ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ნათელია, რომ ეს როლი უარყოფითად მიმაჩნია. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, როგორც პრაგმატულად, ასევე პრინციპულად ძალიან ცუდ საქციელად, როგორც მოიქცნენ ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. წერილში კეზერაშვილი ეხმაურება ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას  და აცხადებს, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩაერიოს რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. კეზერაშვილის თქმით, ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი