ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა

29 სექტემბერი, 2022 • 1055
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან:

ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან;
ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან;
გ) საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს:
ა) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
გ) საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
ერთი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი