საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ცილისწამებას უწოდებს თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც წიკლაურმა მისკენ დასარტყმელად გაიწია. მისი სიტყვებით, კულტურის მინისტრის მხრიდან შურისძიების ობიექტია.
იმის შესახებ, რომ ბევრი პრობლემა აქვს სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობაში და მისკენ ხელითაც გაიწიეს, წულუკიანმა ჯერ კიდევ გასულ კვირას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.
კულტურის მინისტრმა დავით წიკლაურის სახელი 28 სექტემბერს, “იმედის” ეთერში ახსენა.
“კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც არიან ერთიმეორეზე ღირსეული თავიანთი ქცევით.
რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე ან კრივის სახეობაზე”, — დასძინა მან.
წულუკიანმა მიანიშნა, რომ ინციდენტის შემდეგ ელოდა კრივის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას, მაგრამ „მან ეს ვერ გაიგო“.
„მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს“, — აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა რომ შუაში მისი მოადგილე და ერთ-ერთი მწვრთნელი ჩადგნენ.
წიკლაური წულუკიანის ნათქვამს “დაუჯერებელ ბრალდებას” უწოდებს.
“ვინც მე მიცნობს, იცის,როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ”, – აღნიშნავს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.
“შურისძიება” — რა ხდებოდა მანამდე
გასულ კვირას, პარლამენტში გამოსვლისას, წულუკიანმა თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს გეგმა, მოკრივეები განსაკუთრებულად ხელშეწყობილნი იყვნენ მათი წარმატებების ფონზე, “თუკი ფედერაცია და მისი ხელმძღვანელობა იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რაც დღეს ასე, სამწუხაროდ, არ არის”.
ამ გამოსვლის საპასუხოდ წიკლაურმა კრიტიკული პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოკრივეთა წარმატებებისა, წულუკიანის პირობებში ფედერაციას დაფინანსების კუთხით პრობლემები შეექმნა.
ამავე პოსტში წიკლაურმა გაიხსენა კულტურისა და სპორტის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრა, როცა, როგორც ამბობს, მინისტრმა შენობიდან “გამოყარა” ის და მისი თანმხლები პირები და არც სურს, გაიმეოროს, რა სიტყვები აკადრა; ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ წიკლაურმა ფედერაციის კუთვნილი დაფინანსება ითხოვა.
“სამინისტროდან უკან გაბრუნებულებს კი სახელდახელოდ დაგვაწია თავისი განცხადება, თუ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, ანუ მე არ გადავდგები, დაფინანსებას ვერ მიიღებთო, იქვე დასძინა, ჯერ თავს ვიკავებ ვისაუბრო რაღაცებზე, ოჯახი დგას მის უკანო”, – აღნიშნავდა დავით წიკლაური.
უკვე ახლა, როცა წულუკიანმა პირდაპირ დაადანაშაულა ძალადობის მცდელობაში, წიკლაური ამბობს, რომ ესაა “ცილისწამება”, რომელიც მის მოსაშორებლად ამოქმედებული მექანიზმების ნაწილია.
“ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი, არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი.
…როგორც ჩანს, ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას..
ყველაფერს იმას, რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი, ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ”, — აღნიშნავს ის.
წიკლაურის სიტყვებით, ემიჯნება გენდერული ნიშნით ძალადობას.
“წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად, და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-მეთქი…
რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი, მის თავში შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა…ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი”, — აღნიშნავს ის.
“ნეტგაზეთმა” დავით წიკლაურს ჰკითხა, დაუკავშირდნენ თუ არა წულუკიანის განცხადების შემდეგ რომელიმე საგამოძიებო უწყებიდან, რაზეც კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.
“ნეტგაზეთი” შსს-სგან და პროკურატურისგანაც ელის პასუხს, დაიწყო თუ არა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება.
ამავე თემაზე გირჩევთ:
წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“