კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მისკენ დასარტყმელად კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გაიწია და ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.
22 სექტემბერს, პარლამენტში მოსმენისას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას, როგორც სპორტის ქალ მინისტრს, ბევრი პრობლემა აქვს სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობაში, რომელიც ქალის უფლებებს ეხება. წულუკიანმა მიანიშნა, რომ მასზე ხელითაც გაიწიეს. წულუკიანს მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელ ფედერაციას გულისხმობდა, 28 სექტემბერს, „იმედის“ ეთერში კი დაადასტურა, რომ საუბარი კრივის ფედერაციის პრეზიდენტზე [დავით წიკლაური] საუბრობდა.
„კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც არიან ერთიმეორეზე ღირსეული თავიანთი ქცევით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე ან კრივის სახეობაზე“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ ფედერაციის გვერდის ავლით აგრძელებს კრივის დაფინანსებას.
„მე ამ ადამიანს, რომელიც ამ ფაქტის მერე ცარიელი ადგილია, ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ“, — დასძინა მან.
წულუკიანმა მიანიშნა, რომ ინციდენტის შემდეგ ელოდა კრივის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას, მაგრამ „მან ეს ვერ გაიგო“.
„მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს“, — აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა რომ შუაში მისი მოადგილე და ერთ-ერთი მწვრთნელი ჩადგნენ.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ აგრესორმა შემდეგ მსხვერპლის დადანაშაულება სცადა.
„მე ამას არ შევეგუები და ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, სად იქნება ის, სად ვიქნები მე. მე მუშტი არა მაქვს, რომ მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი რომ არ დაიღუპება და უფრო მეტად განვითარდება, ვიდრე მისი ხელმძღვანელობის პირობებში, მე ამას ვაჩვენებ“, — დასძინა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ წინა ხელისუფლება დავით წიკლაურს „ზონდერად ამუშავებდა“ და იგი თავს ესხმოდა „ქართული ოცნების“ ოპოზიციის წარმომადგენლებს კარალეთში, გომში და სხვაგან შეხვედრებისას.
22 სექტემბერს, პარლამენტში მოსმენისას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას, როგორც სპორტის ქალ მინისტრს, ბევრი პრობლემა აქვს სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობაში, რომელიც ქალის უფლებებს ეხება. წულუკიანმა მიანიშნა, რომ მასზე ხელითაც გაიწიეს.
„ზოგადად, ძალადობა სპორტში სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა. მათ შორის პრობლემაა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო არ იყოს მიჩნეული, რომ მოიტა ფული და არაფერი მკითხო. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ ეს ფული შეუძლია, როგორც უნდა, ისე გამოიყენოს და მერე თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც ვარ და არ გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თუმცა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რომელ ფედერაციას გულისხმობდა.