ახალი ამბები

ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსი პოლიციელები ლარსამდე გასაშვებად, სავარაუდოდ, ქრთამს ითხოვენ

28 სექტემბერი, 2022 • 766
ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსი პოლიციელები ლარსამდე გასაშვებად, სავარაუდოდ, ქრთამს ითხოვენ

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ვლადიკავკაზის გავლით ცდილობენ, აცხადებენ, რომ საგზაო პოლიცია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე გასაშვებად ქრთამს ითხოვს.

როგორც ტელეგრამ არხ „ბაზაში“ აცხადებენ, ჩრდილოეთ ოსეთში შესასვლელად დიდი რიგებია და სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელად ადამიანებს რამდენიმედღიან საცობში უწევთ დგომა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში შესვლისას საგზაო პოლიცია ავტობუსებს აჩერებს და მძღოლს თითო პასპორტზე 5 000 რუბლს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებაზე უარს ეუბნებიან.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ადამიანები პოლიციას სთხოვენ, თანხა მოხუცებს მაინც არ გამოართვან, რადგან „ისინი გაწვევას არ ექვემდებარებიან“. რუსეთიდან საქართველოში ვლადიკავკაზის გავლით ჩასვლის მსურველები ასევე აცხადებენ, რომ რიგის ბოლომდე ტაქსით გადაადგილება შეძლეს, შემდეგ კი ფეხით 20 კილომეტრი გაიარეს სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელად. რუსეთის მოქალაქეების თქმით, სასაზღვრო პოლიცია უშუალოდ გამშვებ პუნქტთანაც ითხოვს მათგან ქრთამის გადახდას.

მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი