ახალი ამბები

შეუძლიათ თავშესაფარი აშშ-ში მოითხოვონ – აშშ მობილიზაციას გამოქცეულებზე

28 სექტემბერი, 2022 • 421
შეუძლიათ თავშესაფარი აშშ-ში მოითხოვონ – აშშ მობილიზაციას გამოქცეულებზე

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მიესალმება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან და მოუწოდებს მათ, მოითხოვონ თავშესაფარი აშშ-ში.

თეთრი სახლის პრესსპიკერს, კერინ ჟან-პიერს 26 სექტემბრერს ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უყურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე ათასობით მოქალაქის მიერ ქვეყნის დატოვებას და აპირებს თუ არა შტატები, გამოქცეულ კაცებს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვასხვავებთ ერთმანეთისგან რუსეთის მთავრობისა და უკრაინაში მისი შეიარაღებული ძალებისა ქმედებებს და რუსი ხალხის ქმედებებს, რომელთაგან არაერთი გამოვიდა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ.

სწორედ ამას ვხედავთ ბოლო ორი დღის განმავლობაში – რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასე რომ, ყველას, ვინც დევნისგან თავშესაფარს ეძებს, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია, მოითხოვოს თავშესაფარი შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა

„ასე ვხედავთ ჩვენს როლს ამ შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

მისი თქმითვე, თავშესაფრის მაძიებლების ყოველ განცხადებას შეერთებულ შტატებში ინდივიდუალურად განიხილავენ და შეამოწმებენ.


მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს.

რუსეთის მოქალაქეების მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა.

უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი