მოძრაობა „დროა“ ხვალ, 28 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს აქციას გამართავს.
„რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20- კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.
რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს“, – წერია აქციის ანონსში.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას. შესაბამისად:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ.
ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!,“.
რაც შეეხება აქციის მიზანს, „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განმარტა, რომ რუსეთის მოქალაქეების ასეთი ნაკადით შემოდინება საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას.
„მიგრანტთა კრიზისს, რომელიც საქართველოს ემუქრება, ქვეყანა ვერ გაუძლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია“, – აცხადებს ის.
მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.
ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ: