ახალი ამბები

“ცოტა სახუმაროსავით თემა გახდა, არ არის სახუმარო” – გომელაური ესებუაზე

27 სექტემბერი, 2022 • 951
“ცოტა სახუმაროსავით თემა გახდა, არ არის სახუმარო” – გომელაური ესებუაზე

შინაგან სამქეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავების თემა სახუმარო გახდა.

მისი თქმით, ესებუას დაკავება სახუმარო არაა, თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ძებნილ ადამიანს პოლიცია წლების განმავლობაში ვერ აკავებს.

რაც შეეხება ესებუას ადგილსამყოფელს, გომელაურის თქმით, შესაძლოა, მან ქვეყანა დატოვა.

„რა თქმა უნდა, ბადრი ესებუას ვეძებთ. მე არაერთხელ ავხსენი ეს და ცოტა სახუმაროსავით თემა გახდა. არ არის სახუმარო. კიდევ  გავიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც 20 წელი ვეძებდით. მაგალითად, 2021 წელს დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა მისი დაკავება, ბატონ მერაბიშვილს და მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი, ეს ჩვეულებრივი თემაა. ისე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. პირველ რიგში ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა და ნეტავ, ასეთი ოპერაციები ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს. თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს“, – განაცხადა გომელაურმა.

ოპოზიციის წევრები სწორედ ვახტანგ გომელაურს ადანაშაულებენ იმაში, რომ ბადრი ესებუას დაკავების საკითხი  „საღლიცინოდ“ აქცია.


ბადრი ესებუამ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, 43 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ესებუას პოლიცია ორი წელია ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი