ახალი ამბები

ესებუა რომ ვერ დააკავეს, ეს არის ამის შედეგი — სამადაშვილი ქუთაისში ბანკის ძარცვაზე

20 სექტემბერი, 2022 • 802
ესებუა რომ ვერ დააკავეს, ეს არის ამის შედეგი — სამადაშვილი ქუთაისში ბანკის ძარცვაზე

„ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ დღეს მძარცველის შეჭრა იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდში მომხდარი მსგავსი შემთხვევა „საღლიცინოდ“ აქცია.

სამადაშვილის თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული არაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი ხელისუფლების ოპონენტების დევნასა და თვალთვალზეა მიმართული.

„ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც საღლიცინოდ და მასხრად ასაგდებ თემად აქცია ცოტა ხნის წინ მსგავსი ძარცვა, დამნაშავე მიიმალა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეების დევნით იყოს დაკავებული ქვეყნის შს მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ფარულ შეხვედრებს მართავს FSB-ს წარმომადგენლებთან და მერე ნიშნის მოგებით გვეუბნება, რა მოხდა, თუ ვინმეს შევხვდიო[…]

რატომ არ უნდა ჩათვალოს, რომ გამოუვა ძარცვა, როდესაც სხვას გამოუვიდა?! დღეს სამარცხვინოდ იღრიჭება შს მინისტრი, როცა ეკითხებიან, რატომ ვერ დააკავა დღემდე მძარცველი [ბადრი ესებუა] და ეს არის ამის შედეგი“, — განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს, 20 სექტემბერს, მძარცველმა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა 12 მოქალაქე. 18 საათის მონაცემებით, გამტაცებელი კვლავ ბანკის შენობაშია მძევლებთან ერთად. პოლიციის თქმით, სამართალდამცავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. გამტაცებელი 2 მლნ დოლარს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი