რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო. ვრცელდება ცნობები პირველი დაკავებების შესახებაც.

სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეთა ჯგუფები გამოვიდნენ ტომსკში, ირკუტსკში, ბარნაულში, იაკუტსკში, ულან-უდეში, კრასნოიარსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში

როგორც გამოცემა “მედუზა” წერს ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ძირითადად რამდენიმე ათეულია.

ტომსკში, აქტივისტთა თანახმად, 100-მდე ადამიანი გამოვიდა. ამავე რაოდენობას ასახელებენ ნოვოსიბირსკის შემთხვევაშიც.

მედიაპროექტ OVD-Info-ს თანახმად, 9 ქალაქში პოლიციამ უკვე 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათ შორის, ტომსკში, სულ მცირე, 35 ადამიანია დაკავებული, კრასნოიარკში — 13, ირკუტსკში კი — 7.

“მედუზას” მიხედვით, პროტესტი იყო მოსკოვშიც, თუმცა უცნობია მონაწილეთა რაოდენობა. OVD-Info, სულ მცირე, 2 დაკავებულზე წერს.

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ დემონსტრაციებისკენ მოწოდება ახალგაზრდულმა მოძრაობამ “ვიესნამ” გაახმიანა.

“ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები და ქმრები – ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაცვივდებიან. რისთვის დაიხოცებიან ისინი? რისთვის დაღვრიან ცრემლებს დედები და ბავშვები?” — აღნიშნავდა მოძრაობა.

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა. არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებს.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.