ახალი ამბები

რუსეთი უკრაინაში ომის „მეორე ფაზის“ მიზანს ასახელებს

22 აპრილი, 2022 • 2831
რუსეთი უკრაინაში ომის „მეორე ფაზის“ მიზანს ასახელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ომის „მეორე ფაზის“ მთავარ მიზნებს ასახელებს.

როგორც სამთავრობო Tass წერს, ერთ-ერთი ასეთი მიზანი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

„რაც საშუალებას მოგვცემს სახმელეთო კორიდორი შევქმნათ ყირიმში და კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთში, სადაც რუსულენოვან მოქალაქეთა ზეწოლის ფაქტები შეინიშნება“, – თქვა რუსმა გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დაწყების ძირითად მიზანს, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომელიც ბრძოლების დონბასის რეგიონში გადატანას გულისხმობს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 58- ე დღეა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი