ახალი ამბები

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – კობახიძე რუსეთში სამხედრო მობილიზაციაზე

21 სექტემბერი, 2022 •
კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – კობახიძე რუსეთში სამხედრო მობილიზაციაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე საქართველო კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს, რომ რაიმე საფრთხე არ გამოეპაროს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას, კობახიძემ უპასუხა, რომ “ეს არავითარი კუთხით არ განიხილება”.

მისი თქმით, ხელისუფლება ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და სახელმწიფო უწყებები ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ:

“პირველ რიგში ჩვენ ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს. ორჯერ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომ თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები.

ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება. ყველა უწყება ამაზეა პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება.

რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მთელი ამ თვეების განმავლობაში… მით უმეტეს, ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს, ხომ?

ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ომი დაიწყო და თქვენ ხედავთ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო უწყებები ბოლომდე უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება”, — განაცხადა კობახიძემ.


რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი