ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქე „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში დამნაშავედ ცნეს

19 სექტემბერი, 2022 • 549
რუსეთის მოქალაქე „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში დამნაშავედ ცნეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი