ახალი ამბები

რატომ გაქრა აფთიაქებიდან საბავშვო ნუროფენი და რით ვანაცვლებთ მას

13 სექტემბერი, 2022 • 24621
რატომ გაქრა აფთიაქებიდან საბავშვო ნუროფენი და რით ვანაცვლებთ მას

საბავშვო ნუროფენი, რომელიც 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიცხის დამწევ საშუალებად გამოიყენება, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმიუწვდომელია. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არსებობს ალტერნატივები.

“ნეტგაზეთს” სააფთიაქო ქსელებში ეუბნებიან, რომ საბავშვო ნუროფენი დაახლოებით 1 თვეა დეფიციტშია. “ავერსის”, “ჯიპისის”, “პეესპესა” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში აღნიშნული მედიკამენტი არ აქვთ და არც ის იციან, როდის ექნებათ.

“ჩვენც ველოდებით ინფორმაციას”, — გვითხრეს “პეესპეში”.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ, რომ საბავშვო ნუროფენის დეფიციტის მიზეზებზე ინფორმაციას არ ფლობენ, აღნიშნავენ რა, რომ სახელმწიფო წამლის ხარისხზეა პასუხისმგებელი, ხოლო კერძო სექტორის გადასაწყვეტია, რომელ მედიკამენტს შემოიტანს და რა რაოდენობით.

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს მედია არაერთგზის წერს მედიკამენტების, მათ შორის, საბავშვო სიროფების დეფიციტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, კანადასა და ავსტრალიაში.

მიზეზეზბზე საუბრისას ახსენებენ პანდემიის კრიზისის გავლენას მიწოდების ჯაჭვებზე და პრობლემებს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, მათ შორის, ინგრედიენტებისა და წარმოების ფასების ზრდას. ამასთან, ხაზგასმულია ფაქტი, რომ COVID-19-ის თანმდევი შეზღუდვების, თუნდაც, სავალდებულო პირბადის რეგულაციის მოხსნამ გაზარდა ვირუსების გავრცელება, რამაც შესაბამისად გაზარდა მოთხოვნაც  საბავშვო სიროფებზე.

რა ვითარებაა საქართველოში?

ფაქტია, რომ მშობელთა ნაწილში პოპულარული საბავშვო ნუროფენი, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებად გამოიყენება რესპირატორული დაავადებების, ბავშვთა ინფექციებისა თუ სხვა შემთხვევებში, ასევე, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად — სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის შემთხვევაში, ქვეყნის დიდ აფთიაქებში ამჟამად არ იყიდება. თუმცა არსებობს არაერთი ალტერნატივა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გვიხსნის, რომ ბავშვებში სიცხის დამწევად იყენებენ როგორც იბუპროფენის, ისე პარაცეტამოლის ჯგუფის მედიკამენტებს.

ნუროფენი იბუპროფენის ერთ-ერთი სავაჭრო სახელწოდებაა. თუ საბავშვო ნუროფენი ქვეყანაში აღარ შემოდის, მისი ალტერნატივაა იბუპროფენი, რომელიც სხვა სავაჭრო დასახელებებით იყიდება, ასევე, პარაცეტამოლი. არსებობს პარაცეტამოლის და იბუპროფენის შემცველი სიროფები, რომელიც, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, ქართულ აფთიაქებში იყიდება. შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები უნდა მივიღოთ ექიმის რეკომენდაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი