ახალი ამბებისაზოგადოება

კინოფესტივალები კულტურის სამინისტროს დაფინანსების გარეშე

13 სექტემბერი, 2022 • 1894
კინოფესტივალები კულტურის სამინისტროს დაფინანსების გარეშე

საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რიგი კინოფესტივალები წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსების გარეშე, შეზღუდული პროგრამით ჩატარდება. მათ შორის ისეთი ტრადიციული ფესტივალები, როგორიცაა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი (BIAFF).

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად დაფინანსება ვერც ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა მოიპოვა, რომელიც წელს მეორედ იმართება. თბილისის დოკუმენტური კინოს ფესტივალს (CinedocTbilisi) კი უწყებისთვის დაფინანსების მოთხოვნით არ მიუმართავს.

კინოფესტივალები კულტურის სამინისტროს დაფინანსების გარეშე

როგორც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, წელს პირველად ფესტივალების დაფინანსების საკითხი კულტურის სამინისტრომ კონკურსის წესით გადაწყვიტა. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ კონკურსის პირობების მიხედვით, ისეთი კრიტერიუმები იყო განსაზღვრული, როგორიცაა გამოცდილება და მასშტაბები, რასაც მისი შეფასებით აკმაყოფილებდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს ოცდამესამედ უნდა გაიმართოს, თუმცა დაფინანსებაზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უთხრეს უარი.

კინოფესტივალის დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე კი თეა წულუკიანმა გაათავისუფლა, აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წლების განმავლობაში ფინანსდებოდა კულტურის სამინისტროდან.

გაგა ჩხაიძის თქმით, ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კინოჩვენებების თვალსაზრისით, არამედ განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კინემატოგრაფისტების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად იმართებოდა ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები და კონკურსები. წელს კი ამ კომპონენტებით ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შეზღუდული ფინანსებისა და გაძვირებული ტარიფების გამო:

„საზღვარგარეთ არის ხუთი ან სამწლიანი კონტრაქტები. ჩვენთან კი გრძელვადიანი ხელშეკრულებები არ არსებობს. ამგვარი შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ ყოველწლიურად არ გვიხდებოდეს ერთი და იმავეს მტკიცება და ფესტივალის მდგრადობა შენარჩუნდეს.

წინა წლებში სამინისტრომ იცოდა ტრადიციული ფესტივალის დაახლოებითი ბიუჯეტი და ეს თანხა წინასწარვე იყო განსაზღვრული. ამ თანხაზე წინასწარ ვთანხმდებოდით: ზოგჯერ, ზეპირი შეთანხმებით, ზოგჯერ გვეკითხებოდა სამინისტრო, რამდენი დაგაკმაყოფილებთ, ზოგჯერ გვეუბნებოდა, ბოდიში, წელს ამდენის დაფინანსება არ შეგვიძლია“, – ამბობს გაგა ჩხეიძე „ნეტგაზეთთან“.

გაგა ჩხეიძე

მისი თქმით, ბოლო წლებში კულტურის სამინისტროსგან მისაღები დაფინანსების ოდენობა 100 000 ლარით განისაზღვრა, მაგრამ წელს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი უწყებამ დაფინანსების გარეშე დატოვა:

„მე 19 მაისს გავუგზავნე ოფიციალური წერილი და ვთხოვე, მოეწოდებინათ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის შემადგენლობის, პროექტის მიერ მიღებული ქულების და კომისიის წევრების არგუმენტაციის შესახებ, თუ რატომ არ დაფინანსდა პროექტი. ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს გაგა ჩხეიძე „ნეტგაზეთთან“.

ამჟამად ფესტივალის ბიუჯეტი ეროვნული კინოცენტრისგან მიღებული 130 000 ლარის ოდენობის დაფინანსებისგან შედგება. ფესტივალის ორგანიზატორები გეგმავენ, თბილისის მერიასაც მიმართონ დაფინანსების მოთხოვნით, თუმცა, განსხვავებით წინა წლებისაგან, კულტურის სამინისტროს უარის შემდეგ დანაკლისის შესავსებად მერიას 100 000-ის ნაცვლად 200 000 ლარის გამოყოფა უნდა სთხოვონ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი აღნიშნავს, რომ გაძვირდა ავიაბილეთები, სტუმრების სასტუმროში განთავსება და ლიცენზიის ფასიც კი, რომელსაც ფილმების ჩვენებაში იხდიდნენ. შესაბამისად, იმავე ბიუჯეტით წარმოუდგენლად მიაჩნია ისეთივე მასშტაბით ფესტივალის ჩატარება:

„ჩვენ გვქონდა კონკურსები, რომლებზეც უარის თქმა გვიწევს. იყო პერიოდი, რომ თანხებიც გვქონდა და პრიზებსაც გავცემდით გამარჯვებულ ფილმებზე. პროექტების განვითარების კონკურსი გვქონდა, რომელსაც ნაწილობრივ ქართული კინოს განვითარების ფონდი აფინანსებდა. ახლა ეს ფონდიც მიითვისა თეა წულუკიანმა, იქაც საკუთარი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები დასვა გამგეობაში. ამიტომ თანხებს იქიდანაც არ ველით და ძალაუნებურად გვიხდება რაღაცებზე უარის თქმა“, – აღნიშნავს გაგა ჩხეიძე.

იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები პასუხს დედაქალაქის მერიისგან ელიან, ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს, კულტურის სამინისტროს მსგავსად, დაფინანსებაზე უარი ბათუმის მერიამაც უთხრა.

როგორც ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას აცხადებს, ბათუმის მერიისგან, რომელიც წლების განმავლობაში ფესტივალის პარტნიორი იყო, ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ, თუმცა გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ, რა დროსაც უთხრეს, რომ ფესტივალებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი ამოიწურა. ერთ-ერთი მიზეზი, რაც „ბათუმელებს“ მერიაში წლევანდელი BIAFF-ის დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად განუცხადეს, ის იყო, რომ წელს ფესტივალმა დაფინანსება კულტურის სამინისტროსგანაც ვერ მიიღო.

ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი აღნიშნავს, რომ წინა წლებში BIAFF-ს ბათუმის მერია 180 ათასი ლარით აფინანსებდა, წელს კი მუნიციპალიტეტმა თითოეულ ფესტივალს მაქსიმალური ზღვარი 90 000 ლარით განუსაზღვრა. შესაბამისად, მენეჯერის თქმით, ფესტივალი უწყებისგან 88 ათას ლარს ითხოვდა და განცხადებას თან ურთავდა საელჩოებიდან და უცხოელი პარტნიორებისა და კომპანიებისგან მიღებულ წერილებს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ არასახელმწიფო დაფინანსების სახით BIAFF-ს 115 ათასი ლარი უკვე ჰქონდა მობილიზებული.

ზვიად ელიზიანი

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს უარს დაფინანსებაზე, ელიზიანი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაცია უწყებისგან არ მოუსმენიათ. ამჟამად BIAFF-ის ორგანიზატორები ბათუმის კინოფესტივალის ერთგულ მაყურებელსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და ამ გზით გეგმავენ ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ფინანსების მოძიებას.

კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც კულტურის სამინისტროს გარეშე ჩატარდება, თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია (Cinedoc). Cinedoc-ის დირექტორის, არჩილ ხეთაგურის თქმით, კულტურის სამინისტროსთვის დაფინანსების მოთხოვნით არ მიუმართავთ, კინოცენტრის დაფინანსებაზე კი თავად თქვეს უარი. ხეთაგურის თქმით, ფესტივალი გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო კინოცენტრის დაფინანსება უკან დააბრუნეს და ფესტივალი ნაწილობრივ ბათუმში, BIAFF-თან ერთად გაიმართება.

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს კი, თბილისის კინოფესტივალისა და BIAFF-ის მსგავსად, დაფინანსებაზე უარი უთხრა კულტურის სამინისტრომ. ფესტივალი ქუთაისში წელს მეორედ ტარდება და, როგორც ნინო მხეიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ქუთაისის მერიის და „თიბისი კონცეპტის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ფესტივალს ასევე აქვს კინოცენტრის დაფინანსებაც, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო. კინოცენტრს მაშინ ჯერ კიდევ გაგა ჩხეიძე ხელმძღვანელობდა.

ნინო მხეიძე აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტროსგან ფესტივალის ორგანიზატორები 59 732 ლარს ითხოვდნენ, უარზე არგუმენტაცია კი სამინისტროსგან არც მათ მოუსმენიათ.

“ერთი ადამიანის დიქტატურა კულტურის სფეროში”

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ ფესტივალის დაფინანსებაზე უარი უკავშირდება უშუალოდ მის მიმართ თეა წულუკიანის დამოკიდებულებას. ჩხეიძე იხსენებს, რომ თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში ეროვნული კინოცენტრი პირველი უწყება იყო, სადაც აუდიტი შევიდა, ფესტივალებიდან კი, პირველ რიგში, სამინისტრომ თბილისის კინოფესტივალის საბუთები გამოითხოვა. საბოლოოდ ჩხეიძე წულუკიანმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის გამო გაგა ჩხეიძემ სასამართლოსაც მიმართა.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას გაგა ჩხეიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ფესტივალების დაფინანსებაზე უარი მინისტრის სურვილს უკავშირდებოდეს, ერთპიროვნულად მართავდეს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მიიჩნევს, რომ სფეროში ერთი ადამიანის დიქტატურა მყარდება.

„ბათუმის ფესტივალს უარი უთხრეს, ქუთაისის ფესტივალს უარი უთხრეს, თუმცა, რატომღაც ორი ფესტივალი მესტიაში მისაღებია მათთვის. ყველაფერი განადგურებისკენ მიდის. ეტყობა, არ მოსწონთ არსებული მოდელი და თავად წულუკიანმა უნდა შეარჩიოს ფილმები, დაარიგოს პრიზები, სცენაზე გამოვიდეს. არ ვიცი, საითკენ მიდის ეს ყველაფერი. ერთი ადამიანის დიქტატურა რომ მყარდება კულტურაში, ვხედავთ“, – ამბობს გაგა ჩხეიძე.

კულტურის სამინისტროს მიერ რიგი ფესტივალების დაფინანსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთმა“ კომენტარი კინომცოდნე თეო ხატიაშვილსაც სთხოვა.

ხატიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არასწორია იმის თქმა, თითქოს სამინისტრო კინოფესტივალებს არ აფინანსებს და ამის მაგალითად მოჰყავს სვანეთში კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ორი ფესტივალი. მისი შეფასებით, “ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ფესტივალები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც იმართებოდეს, განსაკუთრებით სვანეთში, რომელიც მოწყვეტილია კულტურულ მოვლენებს”.

თუმცა, ხატიაშვილის შეფასებით, იმაზე მსჯელობისას, თუ რომელ ფესტივალებს ეთქვათ უარი თანხების მიღებაზე, გარკვეული ტენდენცია იკვეთება, რაც აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ უწყება ბენეფიციარებს პოლიტიკური და პარტიული ერთგულების ნიშნით ირჩევს.

თეო ხატიაშვილი

მისი თქმით, აღნიშნულ კითხვებს ისიც ამძაფრებს, რომ ბათუმისა და თბილისის კინოფესტივალების ორგანიზატორები არ არიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი და  საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას არ უშინდებიან. ხატიაშვილის თქმით, ეს შეიძლება აქტიური ბრძოლით და ჩართულობით არ ხდებოდეს, თუმცა ქვეყანაში ადამიანების გაფილტვრა ფეისბუკ პოსტების დონეზეც კი წყდება, რაც შემდგომ განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა დაფინანსებას ესა თუ ის ადამიანი. ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა სწორედ პარტიული ნიშნით უნდა ხდებოდეს.

ხატიაშვილის თქმით, ახალი სახელოვნებო კერების გაჩენა აპრიორი ცუდი არაა, თუმცა გასათვალისწინებელია ქვეყნის შესაძლებლობები. კინომცოდნე მიიჩნევს, რომ ღარიბ ქვეყნებში სჯობს ფინანსები იმ მიმართულებით დაიხარჯოს, რასაც უკვე აქვს გარკვეული ტრადიცია და გამოცდილება.

ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სახელოვნებო სფეროში დაფინანსების მოპოვება სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე ფონდები, ფაქტობრივად, არ არსებობს. შესაბამისად, კინომცოდნე აღნიშნავს, რომ ფესტივალები, როგორც წესი, მუნიციპალური და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით ტარდება:

„იმ ვითარებაში, როდესაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორთან დაკავშირებით ამხელა ხმაური იყო, როდესაც ის კინოცენტრის დირექტორობიდან გაათავისუფლეს, ბევრი ბიზნესი თავს შეიკავებს ფესტივალის სპონსორობისგან. რაც შეეხება მუნიციპალურ დაფინანსებას, ესეც დამოუკიდებელი ავტონომიური ერთეული ხომ არაა?! როდესაც ვსაუბრობთ პარტიულ ერთგულებაზე, მერიაც ისევეა მიბმული ხელისუფლებაზე და ისევე იმართება პარტიული დირექტივებით და არა ქალაქის განვითარების გეგმით“, – აღნიშნავს კინომცოდნე.

ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზემოაღნიშნულმა ფესტივალებმა მომავალ წელს ვერც კინოცენტრის დაფინანსება მიიღონ, რადგანაც წლევანდელი დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ გაგა ჩხეიძის დირექტორობის დროს გადაწყდა. ახლა კი, კინომცოდნის თქმით, კინოცენტრსაც წულუკიანის მიერ ნომინალურად დანიშნული დირექტორი მართავს.

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უწყების პრესსამსახურთან გასაუბრებაც კი ვერ მოვახერხეთ. კულტურის სამინისტროს პრესცენტრში „ნეტგაზეთის“ ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი