ახალი ამბები

„ბებია დედაა მაღალ ხარისხში, გვაქვს 3 მარტი“ – ბებიის დღის დაწესებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

12 სექტემბერი, 2022 • 2638
„ბებია დედაა მაღალ ხარისხში, გვაქვს 3 მარტი“ – ბებიის დღის დაწესებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ბებიის დღის დაწესებას. გადაწყვეტილება კომიტეტმა დღეს, 12 სექტემბერს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა მოქალაქე მიხეილ სახვაძემ, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საუკეთესო თარიღად 17 სექტემბერს მიიჩნევდა.

თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ განხილვისას თქვა, რომ მოცემული საკანონმდებლო წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, ვინაიდან არ ითხოვს ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და, შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემს ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ.

ახლა, ბებია ვინ არის? – ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ დედის დღე გვაქვს 3 მარტი… ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთი და იგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, – განაცხადა კახაძემ.

კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ირმა ზავრადაშვილმა თქვა, რომ ყველა დღე ბებიისაა და საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არ მიაჩნია.

„ღმერთმა, ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ. ჩემი დიდი პატივისცემა[ბებიებს]. თუკი რამ ცხოვრებაში კარგი მახსოვს, ბებიისგან მახსოვს, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემთან დილას ტელეფონზე და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს, არ გვინდა ჩვენ განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

“დაწესდეს ბებიის დღე” – მოქალაქე პარლამენტს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი