ახალი ამბებისაზოგადოება

რით ეხმარება დასავლეთი საქართველოს – სინამდვილე და რუსული პროპაგანდა

9 სექტემბერი, 2022 • 2890
რით ეხმარება დასავლეთი საქართველოს – სინამდვილე და რუსული პროპაგანდა

საქართველოსთვის დასავლეთის ეკონომიკურ დახმარებაზე მცდარი აზრის შესაქმნელად პრორუსული მედია და მასთან დაკავშირებული სოციალური ქსელების გვერდები უამრავ სხვადასხვა მითს ქმნიან.

რუსული პროპაგანდა საქართველოში მუდმივად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამერიკა და ზოგადად დასავლეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ ეხმარება საქართველოს, რომ ამერიკული გრანტები ძირითადად „ამერიკული ომებისთვის“ ქართველი ჯარისკაცების მომზადებას ხმარდება, რომ ეს გრანტები ვალია და რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დასავლეთს ჩვენთვის ეს მინიმალური დახმარებაც კი აღარ მოუცია.

სინამდვილეში კი:

  • $ 60 მილიონ იყო წელიწადში საშუალოდ აშშ-ს არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის 2010-2017 წლებში.
  • $ 89,8 მილიონი შეადგინა კონგრესის მიერ გამოყოფილმა არასამხედრო დახმარებამ 2019 წელს.
  • $ 6 მილიარდი – საქართველოს ყველა სფეროსთვის აშშ-ის მთავრობის დახმარების საერთო ოდენობაა – 1992 წლიდან დღემდე.
  • 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ.
  • 120 მილიონ ევროს გამოყოფს ევროკავშირი გრანტების სახით ყოველწლიურად საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად.

რის ხარჯზე მუშაობს პროპაგანდა

საქართველოსთვის ევროკავშირისა და ამერიკის მრავალწლიანი ფინანსური დახმარების ვრცელი სტატისტიკა არსებობს და ქვეყანაში უამრავი ადამიანია, ვინც უშუალოდ ისარგებლა დასავლური რესურსით. ამის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მაინც ეთანხმება პრორუსულ პროპაგანდას დასავლური ფინანსური დახმარების შესახებ.

რა არის ამის მიზეზი? – „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ მითებს გავლენა აქვს საზოგადოების ნაწილზე, რადგან რუსეთი საქართველოში მხოლოდ ანტიდასავლურ პროპაგანდას აფინანსებს, დასავლეთის მატერიალური დახმარება კი საქმეს ხმარდება და ნაკლებადაა ორიენტირებული რეკლამირებაზე.

„რუსეთი ნამდვილად ხარჯავს საქართველოში ფულს, თუმცა ეს მათ პირად ინტერესებს და საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლას ემსახურება.

დასავლეთის დახმარებების შემთხვევაში პირიქითაა: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის სექტორი, სასამართლოს გაძლიერება და სხვა სტრატეგიული მიმართულებებია მნიშვნელოვანი.

ამერიკისა ევროკავშირის ფინანსური წვლილის გარეშე რთულია წარმოიდგინო, რომ საქართველოში რომელიმე სფერო განვითარდებოდა“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

მოკლედ და მარტივად – რას აფინანსებს დასავლეთი საქართველოში

ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც საქართველოში დასავლეთი ფულს ხარჯავს, განათლება, კულტურა და კვლევებია.

მარტო აშშ-ის ელჩის ფონდმა 21 წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტზე მეტი დააფინანსა $2 მილიონით. ამ პროექტების საშუალებით მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ქართულ ძეგლებს აღდგენითი და სხვა სახის სამუშაოები ჩაუტარდა – მათ შორისაა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ჯვრის მონასტერი, თეთრი უდაბნოს ფრესკები, ისტორიული დოკუმენტების გაციფრულება, ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა თუ არქეოლოგიური გათხრები.

$ 140 მილიონიანი გრანტი მიიღო საქართველომ შეერთებული შტატებისგან 2014-2019 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწავლების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამით კი 1800-ზე მეტი სტუდენტისთვის კი ევროპული განათლება გახდა ხელმისაწვდომი.

სასამართლო, ჯანდაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტები, მეწარმეობა – ამ სფეროების განვითარებისა და რეფორმებისთვის $ 1.8 მილიარდზე მეტი ფინანსური რესურსით დაეხმარა საქართველოს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი, რომელიც ქვეყანაში, მომდევნო ხუთ წელიწადში კიდევ დამატებით $ 330 მილიონს დახარჯავს.

2009 წლის შემდე, 40 000-მა მცირე და საშუალო საწარმომ და ფერმერმა მიიღო სესხები ევროკავშირის პროგრამით, რომლის ბიუჯეტმაც ჯამში 130 მილიონი ევრო შეადგინა.

შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროპული ქვეყნების დახმარების გარეშე არ ჩაუვლია საქართველოში არც კოვიდპანდემიის წლებს, რომელთა განმავლობაშიც როგორც აშშ-ის მთავრობისა და ინსტიტუტების, ისე ევროკავშირის მხრიდან ათობით მილიონი დაიხარჯა როგორც პირდაპირი, ისე სხვადასხვა სფეროში საგრანტო დახმარების სახით.

მიზანი – რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მცდელობა

IDFI-ის მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, ანტონ ვაჭარაძეს მიაჩნია, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის საშუალებით ნაწილობრივ აღწევს მიზანს საქართველოში, რის შედეგადაც საზოგადოების ერთი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი დასავლეთის მიმართ:

„თუმცა ეს კვლევის საგანია, ასევე უნდა ვთქვათ რომ სხვადასხვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორი იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ“ – ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

მისივე განმარტებით ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის შედეგია მოსაზრებები, რაც ხშირად გვესმის: ,,რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს“, „ომი კი აქვს რუსეთს უკრაინასთან, მაგრამ დასავლეთის პროვოკაციით მოხდა ყველაფერი“, „დასავლეთი საქართველოსაც უბიძგებს ომისკენ“ და ა.შ.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ვერავის და მათ შორის ვერც მეზობელ სახელმწიფოებს, ვისაც გავლენის სფეროებად მოიაზრებს, რუსეთი ვერ სთავაზობს ვერაფერს – ვერც ეკონომიკურ აღმასვლას, ვერც ბაზრის თუ სხვა ტიპის სტაბილურობას:

„რუსული ბაზარი არ არის მომგებიანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებთან შედარებით.

პროპაგანდაც ამის გადასაფარად მოქმედებს რომ მიჯაჭვული ჰყავდეს რუსეთს კვლავ ის ხალხი, ვისზეც გავლენა ჰქონდა, ღვინის მწარმოებლები მაგალითად, აგრარული პროდუქტების, თუ ნებისმიერი სხვა რამის მწარმოებლები“.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის აზრით, სწორედ ამის შედეგია, რომ ხშირად დასავლური ფინანსური რესურსით გახსნილი და განვითარებული საწარმოების პროდუქცია მაინც რუსეთის გასაღების ბაზარზე ხვდება:

„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მიზეზი არის ის, რომ შეჩვეულები არიან მეწარმეები რუსულ ბაზარს და არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ მის მიღმა საქმიან კონტაქტებს ვერ დავამყარებთ, ვერაფერს გავყიდით, თუმცა ეს ასე არ არის.

კითხვაზე, რატომ ხარჯავს რუსეთი უზარმაზარ რესურსს რეალობის გაყალბებაში, ორივე ექსპერტს მსგავსი პასუხი აქვს:

„რუსული პროპაგანდის მიზანი ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება და საამისოდ მოსახლეობის შემზადებაა, ამის ამოცნობა ძალიან მარტივია. ასევე იმაში დარწმუნება, რომ თითქოს დასავლეთი „ცუდია“, რუსეთი „კარგი“, დასავლეთი გადაგვყლაპავს და რუსეთშია ჩვენი ხსნა და სხვა“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი. 

ანტონ ვაჭარაძე: „ცხადია რუსეთის ჰიბრიდულ ომს აქვს უფრო დიდი, გეოპოლიტიკური მიზნები ვიდრე მხოლოდ მეწარმეების მიზიდვაა, მისთვის საინტერესოა საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა და ყოველმხრივ აძლევს ხელს საქართველო ჰყავდეს საკუთარი გავლენის ქვეშ.“

____________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი