ახალი ამბები

რატომ იპარება აშშ-ს საელჩოს განცხადებებში რეგულარულად შეცდომები – კობახიძე

8 სექტემბერი, 2022 • 962
რატომ იპარება აშშ-ს საელჩოს განცხადებებში რეგულარულად შეცდომები – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსმენების სადავო კანონზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საელჩოს განცხადებებში რეგულარურად იპარება შეცდომები.

კობახიძის თქმით, ტყუილია საელჩოს შეფასება, რომ ე.წ. მოსმენების კანონი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, ვერც პარტნიორებმა, ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვენეციის კომისიამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინეს.

ამიტომ კობახიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადება დასანანი და სამწუხაროა.

„კითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, საელჩოს კითხეთ მათ შორის, ვერავინ დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს, 6 თვე გავიდა, რაც დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს. ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე სამწუხარო რამ წერია, არ ვიცი, ტყუილი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მძიმედ უნდა შეფასდეს.

ეს არის ის, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონი სინამდვილეში არა მოქალაქეების, არამედ დამნაშავეების კონტროლს ეხება და „როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს, ეს შემაშფოთებელია“.

„ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი, ზუსტად არის გაწერილი ყველაფერი, მათ შორის, ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები და საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება ეს კანონი.

როცა ხდება მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. რატომ ხდება რეგულარურად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. ძალიან მძიმეა ჩვენთვის.

კობახიძის თქმით, ისეთი განცხადებები და „დეზინფორმაციული ჩანაწერები“ როგორიც აშშ-ს საელჩომ გაავრცელა, საქართველოში პოლარიზაციას ახალისებს.

„თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებების გაკეთებას უნდა მოერიდონ. მითუმეტეს, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ასეთ განცხადებებს ვითარების პოლარიზაციისთვის. ეს არის სამწუხარო და დასანანი და იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს“, – განაცხადა კობახიძემ.


ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელმაც კანონპროექტს „ნაჩქარევი“ უწოდა და მისი გადახედვა მოითხოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურები დაიწყო და საბოლოოდ დაძლია კიდეც.

საუბარია მოსმენების შესახებ სადავო კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია.

სწორედ ამას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

ვენეციის კომისია მოსმენების კანონს „ნაჩქარევს“ უწოდებს და გადახედვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი