ახალი ამბებისაზოგადოება

ვენეციის კომისია მოსმენების კანონს „ნაჩქარევს“ უწოდებს და გადახედვას ითხოვს

27 აგვისტო, 2022 • 1838
ვენეციის კომისია მოსმენების კანონს „ნაჩქარევს“ უწოდებს და გადახედვას ითხოვს

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ე.წ. მოსმენების კანონის „ნაჩქარევად“ მიღების გამო და მის გადახედვას ურჩევს.

„გადაუდებელი მოსაზრება“ ვენეციის კომისიამ „მოსმენების კანონზე“ 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. ის ეხება პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

„ვენეციის კომისა თავიდანვე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და პრივატულობის დაცვა არის ლიბერალური საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. ამასთანავე, ციფრულ ეპოქაში ამ ღირებულებების პატივისცემა არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ მუშაობს კონსტიტუცია პრაქტიკაში.

ამ კონტექსტში ფარული თვალთვალის ღონისძიება (რა სახის ლეგიტიმურ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს) კანონიდან გამონაკლისად უნდა იყოს დანახული (რაც არის ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა). ეს გამონაკლისები, საკონსტიტუციო ან საკანონმდებლო დონეზე, ფრთხილად უნდა იყოს დაწერილი და ასევე, სახელმწიფო უწყებებმა და სასამართლოებმა ვიწრო ინტერპრეტაცია უნდა მისცენ“, — აღნიშნავს ვენეციის კომისია 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონის მიღების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კი საზოგადოებას უნდა შეეძლოს პროცესში ჩართვა და ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს ცვლილება.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს:

„საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ახლავს განმარტებითი ბარათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღნიშნული ძირითადად ეხება შემოთავაზებული ცვლილების ძალიან ზოგად მიზნებს, როგორიცაა ახალი გამოწვევები „ჰიბრიდული ომისა“ და „კიბერუსაფრთხოების“ მიმართულებით, ასევე, ისეთი დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე, ტერორიზმთან, ორგანიზებულ და სხვა სახის მძიმე დანაშაულთან ბრძოლა.

უდავოდ, ეს ყველაფერი ლეგიტიმური მიზანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველთვის შესაძლებელი არ არის ყველა იმ არგუმენტის დასახელება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება. დოკუმენტი საკმარისად არ ხსნის ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კონკრეტული ცვლილებების აუცილებლობას დღევანდელ ქართულ კონტექსტში. ტერორიზმთან ბრძოლასა და კიბერდანაშაულზე მარტივი მითითებით, ვერ აიხსნება, მაგალითად, რატომ უნდა გაფართოვდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის ამჟამად დაწესებული ვადები.“

როგორც ვენეციის კომისია წერს, ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის „უკიდურესად არასანდო“ საშუალება, რომელიც აზიანებს ადამიანის ძალიან ბევრ უფლებას, მათ შორის, პირადი ცხოვრების, კომუნიკაციის დაცულობის, გამოხატვის, შეკრების, რელიგიის თავისუფლებისა და ა.შ.

გარდა განმარტებითი ბარათის ზედაპირულობისა, ვენეციის კომისია ასევე აკრიტიკებს თავად კანონპროექტის მიღების დაჩქარებულ პროცესს და მასში საზოგადოების დაბალ ჩართულობას, მათ შორის, ხაზგასმულია ისიც, რომ სახალხო დამცველის ოფისი ფორმალურად არ ყოფილა ჩართული პროცესში.

„კანონპროექტის შეფასება, რომელიც მოამზადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთ-ერთი პარლამენტარის მიმართვის შემდეგ, შესაძლოა იყოს არასაკმარისი არშემდგარი საპარლამენტო დებატების დასაკომპენსირებლად. როგორც ჩანს, შეზღუდული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო საზოგადოების შესაძლებლობა, გამოეხატათ მოსაზრებები კანონპროექტზე“, — წერს ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია მოუწოდებს კანონმდებლებს, რომ კანონის საბოლოო მიღებამდე გაითვალისწინონ შემდეგი:

  1. კანონპროექტის განმარტებითი ბარათი უფრო დეტალურად დამუშავდეს შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობისა და პროპორციულობის დასასაბუთებლად, რაც წარმოაჩენს მოქმედი სისტემის არაეფექტურობასა და ალტერნატიული ღონისძიებების აუცილებლობას;
  2. კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში ოფიციალურად ჩაერთონ შესაბამისი საჯარო ინსტიტუტები, მათ შორის, ომბუდსმენი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  3. საპარლამენტო დებატებს თან უნდა ახლდეს შემდგომი საჯარო დისკუსია, რომელიც უზრუნველყოფს მოსაზრებების მნიშვნელოვან გაცვლას;

ასევე ნახეთ:

ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოსთან არსებული მრჩეველთა ორგანო, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. კომისიის ფუნქციაა, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შესთავაზოს სამართლებრივი რჩევები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან და მსოფლიო გამოცდილებასთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი