ახალი ამბები

მოსმენების კანონი საქართველოს ევროპას აშორებს – აშშ

7 სექტემბერი, 2022 • 849
მოსმენების კანონი საქართველოს ევროპას აშორებს – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ე.წ. „მოსმენების კანონზე“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონი არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს.

ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ , კანონპროექტს „ნაჩქარევს“ უწოდა და მისი გადახედვა მოითხოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურები დაიწყო და საბოლოოდ დაძლია კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი