ახალი ამბები

კადიროვი: გადავიფიქრე უვადო შვებულება

6 სექტემბერი, 2022 • 1921
კადიროვი: გადავიფიქრე უვადო შვებულება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ გადაიფიქრა მანამდე დაანონსებული „დამსახურებული უვადო შვებულება“.

კადიროვმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ სურს „ატმოსფერო განმუხტოს“ და განმარტოს, რატომ ისაუბრა მან „უვადო შვებულებაზე“. კადიროვის თქმით, იმ დღეს, როდესაც შვებულების შესახებ ვიდეო ჩაწერა, ინტერნეტში ინფორმაციას გადააწყდა, რომლის თანახმადაც, რუსეთის რეგიონულ მმართველებს შორის ის ყველაზე დიდხანს იკავებდა პოსტს, კერძოდ კი – 15 წელი.

„მე ვიფიქრე, ეს რა თქმა უნდა, ბევრია და გადავყწვიტე, თქვენი აზრი მომესმინა. შემდგომ გავარკვიე კიდეც, რომ მე არც ისეთი „დიდხნიანი“ ვარ, ჩემამდე რეკორდი, როგორც აღმოჩნდა 27 წელს ითვლის. ამიტომ ახლა მეტსაც გეტყვით: მე გადავწყვიტე ამ რეკორდის მოხსნა. ვნახოთ, იქნებ გადავაჭარბო კიდეც ამ მაჩვენებელს.

რეალურად, ასე უბრალოდ წასვლა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია. მე ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა. და ამ ნდობის გამართლება – ჩემი წმინდა მოწოდებაა. წასვლა შემიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხსა და რუსეთის პრეზიდენტს ამას ვკითხავ. ამიტომ, უვადო შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ მოვიტოვებ. ახლა კი არც დადგენილ ყოველწლიურ შევებულებას ავიღებ,“ – ამბობს კადიროვი.


3 სექტემბერს კადიროვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და გამოაქვეყნა. ის ამბობდა, რომ მან დაიმსახურა შვებულება „ხანგრძლივი, განუსაზღვრელი ვადით“.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დამოუკიდებელმა მედიებმა, მათ შორის Meduza-მ წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ კადიროვი შეიძლება როსგვარდიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ.

კადიროვს ჩეჩნეთის მმართველის პოსტი 2007 წლიდან უკავია.

მისი მმართველობისას ჩეჩნეთში მოქმედებს სასტიკი რეჟიმი, რომელიც აწამებს და კლავს კადიროვის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. კადიროვის რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით სდევნის ლგბტქ+ თემის წევრებს.

რამზან კადიროვის რაზმები ბოლო პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში.

მასალების გადაბეჭდვის წესი