ახალი ამბები

სანაძე გასახდელში დაპირისპირებაზე საუბრობს

6 სექტემბერი, 2022 •
სანაძე გასახდელში დაპირისპირებაზე საუბრობს

კალათბურთელი დუდა სანაძე ეხმაურება დაპირისპირებას თურქეთის საკალათბურთო ნაკრებთან და მომხდარის თავის ვერსიას ჰყვება.

ჟურნალისტებთან საუბარში ის ამბობს, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფურქან ქორქმაზს უთხრა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება უსამართლო იყო, მან კი ეს, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო და შეურაცხმყოფად მიიღო.

სანაძე აღწერს აი ამ შემთხვევას:

„მე უფრო მსაჯის, ასე რომ ვთქვათ, მოქმედებაზე გავბრაზდი და იმას კომენტარს ვუკეთებდი და ჩავუარე მოთამაშესაც [ფურქან ქორქმაზს] და ეს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი ჯარიმა „დაგისტვინათ-მეთქი“, ჟარგონულად რომ ვთქვათ. იმან რა გაიგო არ ვიცი, არ ვიცი შეურაცხყოფად რა მიიღო. მერე უკვე ახლოს მოვიდა და აირია სიტუაცია და ყველამ იცით, რაც მოხდა,“ – ამბობს ის.

რაც შეეხება გასახდელის ინციდენტს, სანაძე ამბობს, რომ იყო „მწვავე საუბარი“, დაცვის სამსახურმა კი დიდი როლი ითამაშა გაშველებაში – „ასე რომ ვთქვათ, ორივე დაძაბული მხარე იყო და თვითონაც უკანი არ გვაჩვენა და ჩვენც ბოლომდე მივაწექით,“.

სანაძეს ჰკითხეს ჟურნალისტებმა, იყვნენ თუ არა თურქი კალათბურთელები გასახდელში კონფლიქტის ინიციატორები, რაზეც მან უპასუხა:

„არა უბრალოდ იყო… რომ გამოვდიოდით გასახდელში იყო იქიდან – ჟარგონულად რომ ვთქვათ, ხელის ქნევა და „გამოვედი გარეთ და აბა რას იზამთ“. და ჩვენც მივედით, მე მივედი, ბიჭები მივედით და ვაპირებდით დალაპარაკებას. უბრალოდ დაიძაბა სიტუაცია და ასე რომ ვთქვათ, შელაპარაკება მოხდა“.

მისივე თქმით, ის რასაც თურქეთის ნაკრები აცხადებს, არ შეესაბამება რეალობას, მათ შორის ის, რომ თითქოს, დაცვა მონაწილეობდა ჩხუბში – „დაცვა არ მონაწილეობდა დიდი როლი ითამაშეს და მადლობელი ვარ რომ უფრო დიდი არეულობა არ მოჰყვა, რადგან ყველა ემოციურად ვიყავით,“.

გარეკანი ფოტო: დუდა სანაძე ესპანეთი-საქართველოს შეხვედრაზე


4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მოთამაშეს ფურქან ქორქმაზს ქართველი კალათბურთელები შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ. ნაკრების თქმით, ჩხუბში მონაწილეობდა მათ შორის, დუდა სანაძე, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია.

თავდაპირველ კომენტარებში თურქეთის ნაკრების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩხუბში მონაწილეობდა 30-მდე პოლიცია და რომ თუ მათ ვიდეოკადრების ჩანაწერები სრულად არ გადაეცემათ – ისინი ტურნირს დატოვებენ. ტურნირის დატოვების განზრახვა შემდგომ უარყო ნაკრების მწვრთნელმა ერგინ ათამანმა. თუმცა, მან თქვა, რომ საქართველო არ უქმნის მოთამაშეებს შესაფერის გარემოს და ასევე მოითხოვა ვიდეოკამერების ჩანაწერები.

რაც შეეხება საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ის აცხადებს, რომ აღშფოთებულია საქართველო-თურქეთის მატჩისას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებების გამო, რაც, მათი თქმით, მიმართული იყო ვითარების გამწვავებისკენ.

ყველაზე ბოლოს ინციდენტს გამოეხმაურაა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია. FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ საქართველო-თურქეთის თამაშის შედეგები ძალაში დატოვა, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი