ახალი ამბები

აღშფოთებას გამოვთქვამთ ათამანის პროვოკაციული ქმედებების გამო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

5 სექტემბერი, 2022 •
აღშფოთებას გამოვთქვამთ ათამანის პროვოკაციული ქმედებების გამო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ აღშფოთებულია საქართველო-თურქეთის მატჩისას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებების გამო, რაც, მათი თქმით, მიმართული იყო ვითარების გამწავავებისკენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დღეს, 5 სექტემბერს გაავრცელა.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით, მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ, ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებაში, რასაც თან დაერთო მის მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები…

მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებლური განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ყველა ღონეს მიმართავს, რათა მალე მოეფინოს ნათელი ომენ ონანის “არასწორ და შეურაცხყმოფელ განცხადებას”. ამასთან, ფედერაცია სიმართლის დასადგენად სპეციალური მოკვლევის ჩატარებას ითხოვს.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი