ახალი ამბები

თურქეთის ნაკრები აღარ განიხილავს ევრობასკეტის დატოვებას

5 სექტემბერი, 2022 •
თურქეთის ნაკრები აღარ განიხილავს ევრობასკეტის დატოვებას

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი ერგინ ათამანი აცხადებს, რომ თურქეთი არ აპირებს დატოვოს „ევრობასკეტი“. ამასთანავე, ის აკრიტიკებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზების დონეს თბილისში და დასძენს, რომ მოთამაშეებისთვის არ არის შესაფერისი პირობები შექმნილი.

თურქეთის ნაკრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მოთამაშეს ფურქან ქორქმაზს ქართველი კალათბურთელები თავს დაესხნენ. ამ ბრალდებას იმეორებს ათამანიც, თუმცა, უარყოფს ცნობას, თითქოს, თურქეთი „ევრობასკეტის“ დატოვებას აპირებს.

მართალია ათამანი წაგებას უკავშირებს ნაკრების „ინდივიდუალურ შეცდომებს“, ის ასევე აცხადებს, რომ თამაშის ბოლოს იყო „სასაცილო გადაწყვეტილებები და საქართველომაც მოიგო“. მისივე თქმით, მატჩიდან 22 წამი გაქრა, ეს კი ის დროა, რაშიც თურქეთს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო.

“ჩვენ ვითხოვთ მატჩის გადათამაშებას, როგორც მინიმუმ ბოლო 4:30 წუთის. ჩვენ ველით, რომ ეს უნდა იყოს შედეგი, მაგრამ FIBA მოძველებული ორგანიზაციაა, პრობლემებზე გამოსავალს ვერ ვიპოვით”, – განაცხადა ათამანმა.

მანამდე თურქეთის ნაკრების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გასახდელში ქორქმაზს რამდენიმე კალათბურთელი დაესხა თავს, მათ შორის, დუდა სანაძე და თორნიკე შენგელია. ასევე, საუბრობდნენ, რომ ჩხუბში მონაწილეობდა პოლიციაც. ნაკრების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ თურქეთი ტურნირს დატოვებდა.

ტურნირის დატოვების განზრახვა დღეს ათამანმა უარყო.

„არა, ჩვენ არ ვფიქრობთ შეჯიბრის დატოვების შესახებ. რა თქმა უნდა, თუ ასე გავაგრძელებთ, მაშინ კალათბურთს ვერ ვითამაშებთ. ჩვენ ვესაუბრეთ სხვა ნაკრებებს და ყველა აკრიტიკებს არსებულ სიტუაციას. ყველა…,“ – ამატებს ათამანი.

რაც შეეხება ინციდენტს, ის დასძენს, რომ ჯერჯერობით კადრები არ მიუღიათ და ამჟამად მოლოდინის რეჟიმში არიან. ამასთანავე, ამბობს, რომ ქორქმაზი თავს კარგად გრძნობს.

“ჩვენ არ ვიცოდით [გასახდელის ინციდენტის] შესახებ მატჩის დროს. ბოლო 10 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ოსმანმა ჩვეულებრივი ჯარიმა აიღო და არა ტექნიკური. მე თამაშიდან გამაძევეს და მწვრთნელის ოთახისკენ წავედი. მესმოდა ხმაური. საქართველოს პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობდა შეეყვანა ჩვენი მოთამაშეები გასახდელში, შეხლა-შემოხლაში მოხვდა ვიცე-პრეზიდენტი ჰუსეინ ბესოკიც.

დარბაზის მიღმა, თამაშის შემდეგ სასტუმრომდე გზაზე არ მოგყვებოდა პოლიცია, არ იყო არანაირი დაცვა. ჩვენი მოთამაშეები კარგად ვერ იკვებებიან სასტუმროში, საჭმელი შეუსაბამოა მათ კვებითი რეჟიმთან. ჩვენ სასწაულებრივად წავაგეთ თამაში. დიდი ხანი გავიდა, მას შემდეგ, რაც FIBA-ში ვმუშაობდი.. ძალიან გამაკვირვა მსაჯის გადაწყვეტილებამ და ასევე, სხვა ცუდმა გადაწყვეტილებებმა ორგანიზაციულ დონეზე,“ – ამბობს ერგინ ათამანი.


თურქეთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურქან ქორქმაზს ქართველი კალათბურთელები შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ასევე პოლიციაც. ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც კალათბურთის ფედერაციას.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი