ახალი ამბები

“პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა” – წულუკიანი ვენესუელის დამარცხებაზე

30 აგვისტო, 2023 •
“პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა” – წულუკიანი ვენესუელის დამარცხებაზე

სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხება სპორტულის გარდა პოლიტიკურადაც უმნიშვნელოვანესია.

ამის შესახებ წულუკიანმა საქართველოს ნაკრების წევრებისთვის გამარჯვების მილოცვისას განაცხადა.

ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსა და სირიასთან ერთად, იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

„სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რადგან ეს [ვენესუელა] ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა და აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ ორი მიმართულებით ჩვენ ისინი სამაგალითოდ დავჯაბნეთ და მადლობა თქვენ ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვენესუელის ნაკრები 70:59 დაამარცხეს და ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებებს დაუპირსპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი