საზოგადოება

თურქეთის ნაკრები: ჩვენს კალათბურთელს გასახდელთან თავს დაესხნენ

5 სექტემბერი, 2022 • 1622
თურქეთის ნაკრები: ჩვენს კალათბურთელს გასახდელთან თავს დაესხნენ

თურქეთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორმაზს ქართველი კალათბურთელები შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ.

თავდასხმის შესახებ მედიასთან ისაუბრეს როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა, ასევე, მწვრთნელის ასისტენტმა ჰაკან დემირმა.

„მაშინ, როდესაც ფურკან კორკმაზი გასახდელთან მისასვლელ კორიდორში იმყოფებოდა ჩვენს მწვრთნელთან ერთად, ქართველი მოთამაშეები, რომლებიც არ იყვნენ შემადგენლობაში, თამაშიდან გაძევებულ მოთამაშესთან [იგულისხმება დუდა სანაძე] და პოლიციასთან ერთად თავს დაესხნენ მას. ეს თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო გასახდელში.

მატჩის ბოლოს 30-მა პოლიციელმა ჩაგვითრია ჩხუბში. [ინციდენტის შესახებ] მე მოვუწოდე FIBA-ს და უკვე მქონდა კიდეც კომუნიკაცია FIBA-ს წარმომადგენლობასთან. ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ და ნურც სულელები ვეგონებით ვინმეს. მოგვიტანონ ვიდეო ჩანაწერი, წუთი-წუთში. ჩანაწერი, რომელსაც არაფერი აკლია. თუ ამ კადრებს არ მოგვაწოდებენ, შეჯიბრს დავტოვებთ,“ – თქვა ონანმა.

ონანი აცხადებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა შემადგენლობაში არმყოფი და ტრავმირებული მოთამაშე – თორნიკე შენგელია და „სამი ადამიანი, რომელიც სკამზე იჯდა, წავიდნენ გასახდელისკენ“.

თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი მატჩის მიმდინარებოსასაც მოხდა.

ინციდენტის შემდეგ ბერძნულმა Totallbasket-მა დუდა სანაძის კომენტარი გაავრცელა. სანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც კორკმაზი დააჯარიმეს, კალათბურთელმა მის მიმართ აგრესია გამოხატა:

„მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელი რომ ვიყო, იმ მომენტში გამიკვირდა და უცბად, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეუბნებოდა, რომ გავსულიყავით გასახდელში. ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ წუთას ემოციური დაძაბულობა მაღალი იყო,“ – ამბობს ის.

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.


4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა.

2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი