ახალი ამბები

მოლაპარაკებების წინაპირობა უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა იყოს — ვოლკერი

5 სექტემბერი, 2022 • 754
მოლაპარაკებების წინაპირობა უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა იყოს — ვოლკერი

აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი (2017-19 წლებში) უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში, კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, და გამოდის ინიციატივით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად რესურსები გამოყოს.

კურტ ვოლკერმა, რომელიც ამჟამად კვლევითი ცენტრის, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA-ს) წარმომადგენელია, თბილისში, EPRC-ის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ, დასავლეთიდან, ახლა ცხადად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხზე უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსეთის ძალებმა დატოვონ უკრაინის მთელი ტერიტორია“.

ელჩ ვოლკერის თქმით, დასავლეთმა უნდა იზრუნოს უკრაინის შეიარაღების საკითხზე: „ჩვენ უნდა გავაუქმოთ ჩვენს მიერვე დაწესებული შეზღუდვები უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში. კერძოდ, მივცეთ მათ ყველაზე დიდი შორს მოქმედი არტილერია, მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სამოქალაქო მოსახლეობის ცენტრების დასაცავად“.

რაც შეეხება უკრაინის ეკონომიკის აღდგენას, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკას ახლა გადატვირთვა სჭირდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ომის გამო დაახლოებით 30%-ით დაეცა, ხოლო უმუშევრობაც დაახლოებით 30%-ია, მთავრობის მონაწილეობა ეკონომიკაში კი მაღალია, ამიტომაც:

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი კერძო სექტორის დაბრუნება და მე გთავაზობთ, რომ ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ, გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, კანადამ, დავნიშნოთ სპეციალური კოორდინატორი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, რათა ვიმუშაოთ უკრაინასთან ერთად, რათა დავსახოთ პრიორიტეტები და დავიწყოთ ისეთი რამ, რაც … დაეზმარება უკრაინის ეკონომიკას სრული სიმძლავრით დაბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში“, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი