ახალი ამბები

მდინარაძე ვოლკერსა და კეზერაშვილზე: “უკვე მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ”

15 ნოემბერი, 2022 • 890
მდინარაძე ვოლკერსა და კეზერაშვილზე: “უკვე მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ”

„როგორც ჩანს,  ჩვენ გვაქვს უკვე მტკიცებულება დავალების მიმცემის შესახებ“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კულტ ვოლკერისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შეხვედრას.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული ფოტო ადასტურებს იმას, რასაც მმართველი პარტიის წევრები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც მიმდინარეობს.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, განხილვის თემა რა იქნებოდა და რა საკითხზე იმსჯელებდნენ, ამაზე ვარაუდის გამოთქმა მე არ შემიძლია. ძალიან ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი წინა პერიოდი, როცა ჩვენ ვლაპარაკობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით, ამის უკან ხომ რაღაც რეალობა დგას და ჰაერიდან არ მოგვიტანია. ყველა ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და მებრძოლ ხალხს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

ახლა, როგორც ჩანს,  ჩვენ გვაქვს უკვე მტკიცებულება დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის განცხადებებიც გვახსოვს საქართველოს საწინააღმდეგო, ვითომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეფუთული, მაგრამ რეალურად, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ“, – განაცხადა მდინარაძემ.


კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „კვირამ“ გაავრცელა. სააგენტო ირწმუნება, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მათ გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

მათი ინფორმაციით, კეზერაშვილი  ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონში შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი