ახალი ამბები

ასეთ ადამიანთან შეხვედრა დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს – პაპუაშვილი ვოლკერსა და კეზერაშვილზე

15 ნოემბერი, 2022 • 597
ასეთ ადამიანთან შეხვედრა დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს – პაპუაშვილი ვოლკერსა და კეზერაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი დიპლომატის, კურტ ვოლკერისა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „ფორმულას“  დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის სავარაუდო შეხვედრის ამსხაველი ფოტოს გავრცელება დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.

მისი თქმით, კეზერაშვილი ქართული მართლმსაჯულების მიერ ბრალდებულია და ის, ვინც მასთან მეგობრობს, საქართველოს მეგობარი ვერ იქნება.

„მე ძალიან მოკლედ მოვკარი თვალი ამ ინფორმაციას, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ მგონი, დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ქართულმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული, რომელიც დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან. იცის მისი აწმყო, ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში ფულით. ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც.

ვხედავთ, ჩვენ თვალწინ რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არცერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა, მარტო ის ერთი ეპიზოდი, რაც ვიცით და რაც დამტკიცებულია, 5 მილიონი ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ვოლკერისა და კეზერაშვილის შეხვედრის სავარაუდო თემა გასაგებია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა.

„რა თქმა უნდა, როცა ასეთ ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია ხომ, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „კვირამ“ გაავრცელა. სააგენტო ირწმუნება, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მათ გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

მათი ინფორმაციით, კეზერაშვილი  ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონში შეხვდა.

მდინარაძე ვოლკერსა და კეზერაშვილზე: “უკვე მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ”

მასალების გადაბეჭდვის წესი