ახალი ამბები

“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას” — საერთაშორისო კონფერენციის მონაწილები ოძისში

4 სექტემბერი, 2022 • 777
“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას” — საერთაშორისო კონფერენციის მონაწილები ოძისში

თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ღონისძიება, სახელწოდებით “დიდება უკრაინას!” საქართველოს დედაქალაქში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მართავს “მაკკეინის ინსტიტუტსა” და” ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრთან” ერთად.

ოძისში ჩასულთა შორის იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და “ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი” დევიდ კრამერი, ასევე, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი და სხვები. ადგილზე ისაუბრეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაზე, ისე ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე.

კრამერის სიტყვებით, კონფერენციის ორგანიზატორებისთვის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი არის შემახსენებელი, რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და რასთან ერთად ცხოვრება უწევს მას ყოველდღიურად.

“ეს ჩვენ გვაძლევს გაკვეთილებს, საიდანაც უნდა ვისწავლოთ”, — აღნიშნა მან საქართველოს ბოლო 14 წლის გამოცდილებაზე საუბრისას და იქვე დასძინა, რომ ვიზიტი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას…” — დაამატა კრამერმა.

საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე საუბრისას კრამერმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი პირობების შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ვფიქრობ, გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, სერიოზულია. ერთ-ერთია ქართველი ხალხის სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში. ასე რომ, ვფიქრობ, ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს.

არის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ უნდა გადადგას და იმედია, ამას გააკეთებს, რათა საქართველომ განაგრძოს სვლა ევროატლანტიკური ინსტიტუციებისკენ.

იმედია, ევროკავშირის პოზიცია გამოსაღვიძებელი სიგნალია იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის ყოველი პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს არაა მენიუ, რომლიდანაც რაიმე უნდა აირჩიო. დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები”, — აღნიშნა მან. კომენტარის თარგმანს “ფორმულა” ავრცელებს.

ზემოხსენებულ 12 პუნქტზე კურ ვოლკერმაც ისაუბრა. “ფორმულას” ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ “პირველი საკითხი, რომელზეც ევროკავშირმა გაამახვილა ყურადღება, პოლარიზაციაა”.

“ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ. არც მარტო მთავრობამ და არც მარტო ოპოზიციამ. ყველამ უნდა იმუშაოს ეროვნული მიზნისთვის, ეს კი არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაც შეიძლება სწრაფად და ასევე ნატოში…” — დასძინა ვოლკერმა.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 4-6 სექტემბერს გაიმართება და ის ძირითადად უკრაინაზე იქნება ფოკუსირებული.

ფოტოები გარეკანზე: “ფორმულა”, “რადიო თავისუფლება”

მასალების გადაბეჭდვის წესი