ახალი ამბები

მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კანდიდატობას — კრამერი იმპიჩმენტზე

4 სექტემბერი, 2023 • 961
მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კანდიდატობას — კრამერი იმპიჩმენტზე

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენელი დევიდ კრამერი „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობას შეცდომად მიიჩნევს.

„მე მეჩვენება, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და არ არის თანხვედრაში საქართველოს პოლიტიკასთან აუცილებელი რეფორმების გატარების მიმართულებით. ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე, ამერიკელი, ვამბობ ამას — ჩვენ წინა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ორ შემთხვევაში მოვაწყვეთ. იმპიჩმენტის პროცედურები ასე არ უნდა ხდებოდეს“, — განაცხადა კრამერმა, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებები აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ რეალობას არ შეესაბამებოდა და ვინც ამას იმეორებს, ტყუის.

„მე არ მინდა წინასწარ შევაფასო არჩევნები აქ, საქართველოში, მაგრამ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან არჩევნებში“, — დასძინა კრამერმა.

4-5 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება!“ მიმდინარეობს. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

კონფერენციაში გასული წლის მსგავსად არ მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძის ცნობით, ისინი მოწვეულები იყვნენ, თუმცა გადაწყვიტეს, მონაწილეობა არ მიეღოთ.

„ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მისი ევროატლანტიკური მომავალი, აქ არის. ჩემი აზრია, რომ ხელისუფლების მიზანი არაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, — განაცხადა ევგენიძემ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი