ახალი ამბები

გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები პოლიტიკური მოტივით გაუქმდა — Biletebi.ge

2 სექტემბერი, 2022 •
გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები პოლიტიკური მოტივით გაუქმდა — Biletebi.ge

ბილეთების ონლაინ მაღაზია Biletebi.ge აცხადებს, რომ მაქსიმ გალკინისა და რუსული როკ-ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტი პოლიტიკური მოტივების გამო გაუქმდა.

აფიშების თანახმად, ეს ორივე კონცერტი სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო.

განცხადებაში კომპანია ვარაუდობს, რომ არტისტების არშემოშვება შესაძლოა, „რუსეთის არგაღიზიანებასაც“ უკავშირებოდეს.

ორივე არტისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღიად გამოხატავდა უკრაინის მხარდაჭერას და აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.

საიტი წერს, რომ დარბაზმა უარი უთხრა კონცერტის 3 ორგანიზატორს – „ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია“.

„დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?“ – წერია განცხადებაში.

Biletebi.ge ამასთანავე წერს, რომ ეს არის „საკონტროლო გასროლა“ ინდუსტრიის მიმართულებითაც.

„ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს,“

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს. მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი