საზოგადოება

სამინისტროს თქმით, სპორტის სასახლეში კონცერტების ჩატარების საკითხი მას არ ეხება

3 სექტემბერი, 2022 •
სამინისტროს თქმით, სპორტის სასახლეში კონცერტების ჩატარების საკითხი მას არ ეხება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ მას არ ეხება თბილისის ძველ სპორტის სასახლეში კონცერტების საკითხი, რადგან აღნიშნულ დარბაზს უკვე წლებია, კერძო კომპანია მართავს.

ძველ სპორტის სასახლეში მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი იყო რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრტიიკულად განწყობილი არტისტების — მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის — კონცერტები, რომელიც სპორტის სასახლემ გააუქმა. ბილეთების გაყიდვის ონლაინ მაღაზია biletebi.ge-მ აღნიშნული პოლიტიკურ მოტივებსა და რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკას“ დაუკავშირა და კულტურის სამინისტროს მიმართვა გაავრცელა 2 სექტემბერს.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.

შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ“, — აცხადებს კულტურის სამინისტრო.

სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილე მიშა ეძგვერაძემ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ შენობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის („მაშინა ვრემენი“) კონცერტები სწორედ ამის გამო გაუქმდა.

ეძგვერაძის თქმით, კონცერტების გაუქმების მიზეზი ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც შეკეთებას საჭიროებს. ეძგვერაძე ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემა სპორტის სასახლეს ადრეც ჰქონდა, თუმცა ამჟამად უფრო მძაფრად დადგა და მოითხოვა გადაუდებელი რემონტი.


სპორტის სასახლის მფლობელია თბილისის მერია, თუმცა 2007 წლიდან მას კომპანია „ლოჯიკ გრუპის“  განკარგავს. „ლოჯიკ გრუპი“ 2007 წლის 11 აპრილს დაფუძნდა და სპორტის სასახლის მართვის უფლება სწორედ ამავე წელს მიიღო. 

„ლოჯიკ გრუპს“ ფლობს შპს „ატლანტიკ ჩენელს ჯორჯია“, რომელიც საქართველოში 2014 წელს არის რეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიის დირექტორია პრომოუტერი ივანე (ვანიკო) თარხნიშვილი. თავის მხრივ, შპს „ატლანტიკ ჩენელს ჯორჯიას“ მშობელი კომპანიაა აშშ-ში რეგისტრირებული შპს „ATLANTIC CHANNELS“.

მასალების გადაბეჭდვის წესი