ახალი ამბებირეკლამა

2 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი იხსნება

1 სექტემბერი, 2022 • 781
2 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი იხსნება

2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს პირდება. წელს, საფესტივალო პროგრამაში კვლავ იხილავთ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც რეგიონის 6 ქვეყნის მუსიკოსებით დაკომპლექტდა. უკვე ორი კვირაა ორკესტრი წინანდალშია და რეპეტიციებს გადის ცნობილ უცხოელ კონცერტმაისტერებთან ერთად. წინანდლის მამულშია ურაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი, რომელიც 2022 წლის პირველ კონცერტს უდირიჟორებს. პროგრამა გაიხსნება, უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულის წიაღში გიორგი რამიშვილის ინიციატივით და კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. გლობალური პანდემიის და ბევრი სირთულის მიუხედავად, ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ულამაზეს რეგიონში, ღვინის სამშობლოში, წინანდალში იმართება.

დღევანდელ დღეს პანკავკასიური ორკესტრის შეკრება აუცილებელია, მისი არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ქართველებმა კარგად ვიცით, რა არის ომი და ოკუპაცია. და მომავალში ომების თავიდან ასაცილებლად რეგიონის ახალგაზრდებს შორის მეგობრული დიალოგი ყველაზე ქმედით იარაღად გვესახება. სწორედ ამაში მდგომარეობს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის იდეა. ახალგაზრდულმა ორკესტრმა უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და შვეიცარიის და ნორეგიის საელჩოების დახმარებით წელს ორკესტრი წინანდალში კვლავ შეიკრიბა. ამ საქმეში დახმარება გაგვიწია საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელიც შემოგვიერთდა ფესტივალის ყველა მხარდამჭერს იმ იმედით, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კარგ მაგალითად იქცევა და მას რეგიონის სხვა ქვეყნებიც აიტაცებენ.“ – გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარ და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლი.

მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსს აერთიანებს, 2022 ფესტივლის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან, 2022 წლის სეზონზე, თურქმენეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, შემოურთდა 5 მუსიკოსი თურქმენეთიდან.

ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tsinandalifestival.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი