ახალი ამბები

„ოცნებამ“ სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა

31 აგვისტო, 2022 • 929
„ოცნებამ“ სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“  სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი წარადგინა. აღნიშნული ცვლილებები მედიას დღეს, 31 აგვისტოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც „ოცნებამ“ წარადგინა, გულისხმობს, რომ პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა ფრაქციების გარდა პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებსაც შეეძლებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეეძლო(ვინაიდან პარლამენტში ფრაქციები მხოლოდ ამ ორ პარტიას აქვს), ცვლილებების შემდეგ ამის შესაძლებლობა პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც ექნებათ.

დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტით კი, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა ფრაქციასა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფს შეეძლო.

სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანი პრინციპია პროცედურის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. ამიტომ,  მისი თქმით, პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ კანდიდატების დასახელების, მათი შეფასების და შემდგომ კანდიდატთა საკომიტეტო განხილვების პროცესში – ყველგან ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეები.

„ინკლუზიურობის პრინციპი მოიცავს იმ სტანდარტსაც, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ყველასთვის არჩევის შესაძლებლობის მინიჭება, ვინც თვლის, რომ შესწევს სახალხო დამცველად მუშაობის უნარი. არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი სწორედ ამ გზით და ეს პრინციპიც დაცული იქნება შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ პრინციპების და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით,  „ქართული ოცნება“  საზოგადოებასა და ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევის  შემდეგი წესს სთავაზობს:

  • პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლითაც წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები დადგინდება არსებული წესებისგან განსხვავებულად, რათა ის, რაც პრაქტიკით უნდა დარეგულირდეს, განისაზღვროს სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს რეგლამენტის ცვლილება განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, მომდევნო კვირის მიმდინარეობისას.
  • ამის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებოდ გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც დარეგულირდება მთელი ეს პროცედურები.
  • 2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება საჯაროდ პარლამენტის მიერ განაცხადების მიღებაზე ინფორმაცია, რომლითაც ყველას, ვინც ამ თანამდებობაზე არჩევის სურვილს გამოთქვამს, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა შეფასებისა და შერჩევის პროცესში.
  • მიღებული იქნება ზომები, რათა ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ფართოდ გავრცელდეს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარადგინოს განაცხადი.
  • განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან. ამ ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით.
  • სამუშაო ჯგუფი შეაფასებს მიღებული განაცხადების მიხედვით ყველა მსურველს. მონაწილეები შეფასდებიან ჯგუფის წევრების მხრიდან თითოეული ცალ-ცალკე და საერთო შეფასების სახით. იარსებებს ცალკე დახასიათების დართვის შესაძლებლობა. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა.
  • ეს შეფასებები და მასალები უკვე წარედგინებათ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებს.
  • ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებს შეეძლებათ ამ სიიდან შეარჩიონ და დაასახელონ კანდიდატები, რომელსაც წარუდგენენ პარლამენტს არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა. იმისთვის, რომ არსებობდეს არჩევანის მრავალფეროვნება, ამისთვის დადგინდება მინიმალური რაოდენობა კანდიდატურებისა და ითქვა, რომ იქნება 7, რომელიც ჯამურად უნდა იქნეს წარდგენილი, რომელთა განხილვაც გაგრძელდება ზოგადი წესის მიხედვით.
  • შესაძლებელი იქნება რამდენიმე სუბიექტის მიერ საერთო კანდიდატების წარდგენაც, თუ ეს შეთანხმების საგანი იქნება.
  • ამის შემდეგ მოქმედი რეგლამენტის მიხედვით პროცესი გადაინაცვლებს კომიტეტში, სადაც მოხდება წარდგენილი კანდიდატების მოსმენა კომიტეტის სხდომებზე და ეს მოხდება საჯაროდ. სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება და სრული შესაძლებლობა ექნება სამოქალაქო საზოგადოებას.
  • კომიტეტის მიერ კანდიდატურების განხილვის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს.  “ოცნება” კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნება და პარლამენტს ასარჩევად არც ერთი კანდიდატი არ წარედგინება.


მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი აპირებენ მხარი დაუჭირო არასამთავრობო ორგანიზციების მიერ დასახელებულ კანდიდატურებს. სხვა პარტიების პოზიციებს ომბუდსმენის კანდიდატურებზე გაეცანით – აქ.

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი