ახალი ამბები

რუსეთმა გაეროში ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი დაბლოკა

27 აგვისტო, 2022 • 5208
რუსეთმა გაეროში ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი დაბლოკა

რუსეთმა გაეროში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საბოლოო პროექტის მიღებაზე უარი თქვა გუშინ, 26 აგვისტოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გაეროს ელჩის გუსტავო ზლავინიენის განცხადებით, რუსეთი ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას ცდილობდა, რაც მოლაპარაკებების გვიან ეტაპზე “ქაოსს გამოიწვევდა”.

აღნიშნული ხელშეკრულება ხუთ წელიწადში ერთხელ განიხილება, როგორც ბირთვული რისკების შემცირების და მთელ მსოფლიოში ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერების ძალისხმევის ნაწილი.

“ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს პროგრესს განიარაღების ვალდებულებებში, არამედ დახარჯეს $82 მილიარდზე მეტი არსენალის შენარჩუნებასა და განახლებაზე მაშინ, როცა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ისეთი მაღალია, როგორც არასდროს”, – განაცხადა “ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბეატრის ფინმა.

CNN-ის ცნობით, ათობით ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც საუბრობენ რუსეთის მიერ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების გამო არსებული საფრთხეების შესახებ:

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ჩარევას (ელექტროსადგურის) ოპერაციებში და რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, გააფართოოს კონტროლი [ელექტროსადგურზე]. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და უკრაინის ხელისუფლებას დაუბრუნოს როგორც [ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის] სრული კონტროლი, ასევე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული ყველა ბირთვული ობიექტი, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება პირველად 1968 წელს გაფორმდა და ძალაში შევიდა 1970 წელს. გაეროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერა 191-მა მხარემ, მათ შორის ბირთვული იარაღის მქონე ხუთმა სახელმწიფომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი