ახალი ამბები

რატომ დაშრა მდინარე ალაზანი სოფელ ქვემო ალვანში

25 აგვისტო, 2022 •
რატომ დაშრა მდინარე ალაზანი სოფელ ქვემო ალვანში

ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სოსო ბაბულაიძე ავრცელებს სოფელ ქვემო ალვანში მდინარე ალაზნის კალაპოტისთვის გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ მდინარე თითქმის მთლიანადაა დამშრალი.

ამასთან, დეპუტატის თქმით, სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აქვს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ნახევარი სოფლის წყლით მომარაგება სწორედ მდინარე ალაზაზნე დამონტაჟებული დრენაჟის მეშვეობით ხდებოდა, მდინარეში კი წყალი აღარაა.

მდინარე ალაზნის კალაპოტი სოფელ ქვემო ალვანში ფოტო: სოსო ბაბულაიძე

როგორც ბაბულაიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, წყალი კერძო ვენახების სარწყავადაა მიმართული, სოფელი კი მდინარის გარეშეა დარჩენილი:

„ალაზნის დაშრობა გამოიწვია იმან, რომ წყლებს უგდებენ სარწყავებში. პანკისის ხეობაში არის ჩამკეტი მოწყობილობა, რომლიდანაც წყალი მიდის სარწყავებში. ვის სარწყავებზე მიდის, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიზერული რაოდენობით მოედინება ბახტრიონის ხიდთან და შემდეგ კიდევ იკარგება ალაზანი.

არავინაა მომკითხავი, ეს გააკონტროლოს და რამდენიმე ასეული კილომეტრი საერთოდ წყლის გარეშეა დარჩენილი. თევზი აქვე იხოცება, ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნებია, აქ რაც ხდება. ვინ აკონტროლებს ამ წყლებს, გაურკვეველია“, – ამბობს სოსო ბაბულაიძე.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესაც ესაუბრა. ზურაბ ფილაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ წყლის ნაკადები მართლაც სარწყავი მიზნებისთვისაა მიმართული, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას გვალვაც დაერთო:

„ყოველწლიურად, რაც გვალვები იმატებს, თანადათან შრება ხოლმე, იკლებს კალაპოტში წყლის რაოდენობა. ამას დაერთო, რომ სარწყავში აქვთ გადაგდებული წყალი. ანუ, ირწყვება ვენახები და სავარგულები. გვალვითა და სარწყავი სისტემებითაა გამოწვეული“ ,- ამბობს ახმეტის მერის მოადგილე.

მდინარე ალაზნის კალაპოტი სოფელ ქვემო ალვანში ფოტო: სოსო ბაბულაიძე

რაც შეეხება სასმელ წყალს, აღნიშნულთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ ქვემო ალვანის წარმომადგენელს მაია ჭოლიკიძეს. ჭოლიკიძემ განგვიცხადა, რომ სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა სოფელში გამართულია და არც ალაზნის დაშრობასთან აქვს ამას კავშირი. ქვემო ალვანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაუდგენელი პირები „განგებ“ კეტავენ წყალს, რათა „მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიონ“:

„სასმელ წყალთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ ხდება თვითნებური ჩაკეტვები. ეზღუდება მოსახლეობას თვითნებური ჩაკეტვების გამო წყალი და, მე ვფიქრობ, უნდათ მოსახლეობისგან უკმაყოფილება წამოვიდეს. სადაც ჭებია და ონკანები აყენია, მიდის მოსახლეობა და კეტავს წყალს თვითნებურად“, – ამბობს სოფლის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი