„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება- უფრო მეტიც“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას.
კალაძე მიიჩნევს, რომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით,სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა. მის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ივანიშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის და „სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება“ ბოლო პერიოდში არსებული გაურკვევლობა.
2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა კვლავ უჩივლა Credit Suisse-ს.
მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი“ მიადგა.
ადვოკატების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად თავდაპირველად ახსენა „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა „ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული“.
ახლა კი იურიდიული ფირმა აცხადებს, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, – სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, – რაც, ადვოკატების თქმით, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტრანზაქციის შეფერხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.